logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: პუტინმა საჯაროდ მითხრა, რომ ყვ…ით ჩამოგკიდებო…
- +

28 ნოემბერი. 2016. 22:00




როგორი ურთიერთობა ექნება დასავლეთს ვლადიმირ პუტინთან დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ეპოქაში - ამ თემაზე გადაცემის წამყვანი დევიდ გრინი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სკაიპით ესაუბრა. გთავაზობთ შემოკლებით:


დევიდ გრინი: ჩვენი გადაცემის სტუმარი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის საქმიანობას მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. უფრო მეტი - ერთხელ მასთან ნამდვილი ომიც კი ჰქონდა. ჩვენ მივმართეთ მიხეილ სააკაშვილს, რამეთუ გვინდა კარგად გავიგოთ რუსეთის პრეზიდენტის ზრახვები და დონალდ ტრამპთან მისი ურთიერთობების გზები.. მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ პუტინს პირველად 2004 წელს, საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეხვდა. იგი იხსენებს, რომ მას რუსეთის პრეზიდენტმა ერთი რჩევა მისცა...


მიხეილ სააკაშვილი: დიახ, თავდაპირველად, რაც მე მან მითხრა, ის იყო, რომ იგი მაინცდამაინც არ სცემს პატივს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ის წინაშე თავს ხრიან და რაღაცის გადმოგდებას ელოდებიან...


დევიდ გრინი: ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველო აშშ-ის დაუახლოვა. საქართველომ ნატოს შესვლაზეც კი გააკეთა განაცხადი, რაც ვლადიმირ პუტინი საკმაოდ გააბრაზა. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, 2008 წელს, როცა რუსეთმა საქართველოს საზღვართან ტანკები განალაგა, მან დახმარებისთვის შეერთებულ შტატებს მიმართა...


მიხეილ სააკაშვილი: დიახ, ჩვენ შტატებს ვუთხარით: ხომ ხედავთ, რომ რუსებს ტანკები საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავთ, რაღაც მაინც გააკეთეთ-მეთქი. ამერიკელები რამდენჯერმე დამიკავშირდნენ და სულ „არა-არას" მეუბნებოდნენ, სერიოზული არაფერი ხდება და არც მოხდებაო. რამდენიმე საათის შემდეგ რუსული ტანკები მოგვადგნენ, ანუ მოხდა ის, რაზედაც ამერიკას ვაფრთხილებდით.


დევიდ გრინი: რუსეთმა უეცარი თავდასხმა განახორციელა საქართველოს დასჯის მიზნით. მიხეილ სააკაშვილს არ უკვირს, რომ შემდეგ რუსეთმა იგივე გაიმეორა უკრაინის მიმართაც და მას ყირიმის ნახევარკუნძული წაართვა...


მიხეილ სააკაშვილი: ნამდვილად ეგრე იყო. დასავლეთი გვეუბნებოდა, რომ ქართველები რუსეთზე ხართ გაბრაზებულები და რას ბოდავთ, თვითონაც არ იცითო... როცა ყირიმის ამბები მოხდა, დასავლეთს ასეთი რეაქცია ჰქონდა: გაჩერდით, არაფერი არ გააკეთოთ, რუსების პროვოცირება არ მოახდინოთო... აი, ასე იოლად, ერთი ტყვიის გაუსროლელად მოხდა ყირიმის ანექსია. (...)


დევიდ გრინი: თქვენ ფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობას ააწყობს? განა ვლადიმირ პუტინი თუ ვინმეზე თავდასხმას დააპირებს, ჯერ გაიფიქრებს, რომ რისკი ძალიან დიდია და ამას არ გავაკეთებო?


მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, დონალდ ტრამპი არავის, მათ შორის ვლადიმირ პუტინსაც, არ მისცემს იმის უფლებას, რომ მათ საკუთარი თავი ყველას მბრძანებლად წარმოიდგინონ. რუსეთის პრეზიდენტის მეთოდებში შედის უცხო ქვეყნების ლიდერების დაშინება და საკუთარი უპირატესობის ჩვენება. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მას ეს ნომერი დონალდ ტრამპთანაც გაუვა.


დევიდ გრინი: როგორც ჩანს, ოპტიმისტი ბრძანდებით და მიგაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინის შეჩერება შეუძლია?


მიხეილ სააკაშვილი: ჯერ-ჯერობით, რაიმეს თქმა ნაადრევია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ დაიკავებს სახელმწიფო მდივნის თანამდებობას... და როგორ ყურადღებას დაუთმობს აშშ-ის პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას.


დევიდ გრინი: მინდა გკითხოთ თქვენს პირად სეხლა-შემოხლაზე ვლადიმერ პუტინთან. მახსოვს, მან ერთ მომენტში ისიც კი განაცხადა, რომ... არ ვიცი, როგორც ვთქვა... რომ თქვენ დაგიჭერდათ და ინტიმური ნაწილებით ჩამოგკიდებდათ...


მიხეილ სააკაშვილი: დიახ, მან საჯაროდ აღმითქვა, რომ ყვ...ით ჩამოგკიდებო. ვლადიმირ პუტინს ასეთი გამოთქმები უყვარს, თუმცა იგი ამ დროს სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრობს.


დევიდ გრინი: ვლადიმირ პუტინს მაჩოდ აღიქვამენ. არის თუ არა იმის რისკი, რომ დონალდ ტრამპი მასთან სიტყვიერ შეხლა-შემოხლას გამართავს?


მიხეილ სააკაშვილი: დონალდ ტრამპი ბარაქ ობამასაგან განსხვავდება. ჩემი აზრით, იგი ძალიან ძლიერი პიროვნებაა, მაგრამ როგორ მოიქცევა დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან მიმართებით, ამის წინასწარმეტყველება ძნელია. მე არ ვიცი, როგორ პოლიტიკას გაატარებს იგი ჩვენს რეგიონში, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ დონალდ ტრამპი ძალიან პედანტური კაცია და შედეგებს დიდ ყურადღებას აქცევს. ამიტომაც არ მგონია, რომ იგი (პუტინს) იოლად დანებდება (...).



http://www.npr.org/2016/11/24/503236202/what-will-presidential-relations-be-like-between-trump-and-putin   


 

big_banner
არქივი