logo_geo
პრეზიდენტი: 30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ზრდასრული სახელმწიფო ვართ და დადგა დრო, გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო მომწიფებულ პოლიტიკაზე
- +

17 დეკემბერი. 2021. 00:53

 

30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ზრდასრული სახელმწიფო ვართ და დადგა დრო, გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო მომწიფებულ პოლიტიკაზე,“ - ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის გამართულ საახალწლო მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

„მინდა მოგილოცოთ ყველას დამდეგი შობა-ახალი წელი. ამავე დროს, არ დავმალავ, რომ ამ ღონისძიებას აქვს თავისი მიზანი - ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია, ცოტათი მაინც შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც დღეს ქვეყანას აწვება. ამით არაფერი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, თუნდაც ეს ერთად დგომა არის პოზიტივი და პოზიტიურად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა და გააჩერა ჩვენი ქვეყანა. პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც შეგვიძლია ამ პოლარიზაციის გამო. ამდენად, მგონია, რომ ამ პროცესის დაწყება დროულია. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ზრდასრული სახელმწიფო ვართ და დადგა დრო, გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო მომწიფებულ პოლიტიკაზე. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც სულ იყო დაპირისპირება, არსებობდა ორი ან მეტი ბანაკი. ალბათ, არავის სურს, რომ ეს განმეორდეს ქვეყანაში. წარსულის ეს ფურცლები, რომლებიც დღემდე არ გაგვიაზრებია, ლოდებად გვაწვება დღეს. საზოგადოება უკვე გადაღლილია. ყველასთვის გაუსაძლის ამ მდგომარეობას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები და, პრაქტიკულად, ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა, თუ როგორ დავმშვიდდეთ და მივხედოთ მთავარ საკითხებს. ეს საკითხებია განვითარება, სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება. ყველაფერი დაყოფილია, ეკლესიაც კი დაყოფილია. იმასაც ვამჩნევთ, რომ გვავიწყდება გარე სამყარო. გარეთ, ჩვენს ირგვლივ რა ხდება, რა საფრთხეები და შესაძლებლობებია, რაღაცნაირად გვავიწყდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი