logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
- +

27 დეკემბერი. 2021. 13:44

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში, იმერეთში და გურიაში „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ განხორციელდება.

 

მიზნობრივ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის  მიზნით დაფინანსდება  ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. დაფინანსება მოიცავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ პროგრამის ფარგლებში  გაცემული სესხის თანხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას და ასევე სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ის საგრანტო დაფინანსებას.

 

მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 000 ლარს და არაუმეტეს 1 მლნ ლარს. პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

 

ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამაში -„აწარმოე საქართველოში“, საკრედიტო-საგარანტიო სქემის, ინდუსტრიული, მიკრო და  მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის, სასტუმროს ინდუსტრიის, ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება.

 

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო ხელშეწყობის მიმართულებაში, მომავალი წლიდან პრიორიტეტი მიენიჭება შშმ პირთა მიერ ბიზნესის წამოწყება/გაფართოებასა და ასევე ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყება/გაფართოებას; ამავე მიმართულებაში, ევროკავშირის დახმარებით, განისაზღვრება საპილოტე რეგიონები - იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და გაიზრდება ბენეფიციარებისთვის გასაცემი გრანტების მოცულობაც - საპილოტე რეგიონებში  ეს იქნება 40 000 ლარი, ხოლო სხვა რეგიონებში - 30 000 ლარი.

 

გარდა ამისა, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ექსპორტის ტექნიკური დახმარების ნაწილი, რომელიც მოიცავს 3 კომპონენტს - პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება, მიმართულება დაფინანსდება 20 000 ლარით; მეორე - ბრენდინგი და პროდუქციის შეფუთვა - დაფინანსდება 20 000 ლარით; მესამე - საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება - დაფინანსების ოდენობა 10 000 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

 

ასევე, ერთი წლით გახანგრძლივდება პროგრამის უნივერსალურ, ინდუსტრიულ ნაწილში განაცხადების მიღების ვადა; ამ კომპონენტში შესაძლებელი გახდება საინვესტიციო ფონდების მონაწილეობაც ანუ მათაც მიეცემათ შესაძლებლობა გასცენ სუბსიდირებული სესხი; სასტუმროს მინიმალური, სავალდებულო ნომრების რაოდენობა განახევრდება და ათის ნაცვლად იქნება ხუთი.

 

„სასტუმროს და ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიის“ მონაწილე ბენეფიციარებს, რომლებსაც წარმოების დაწყების ვადა ეწურებათ მიმდინარე წლის ბოლოს, პანდემიის გათვალისწინებით, ოპერირების დაწყების ვალდებულება გადაუვადდებათ ერთი წლით. ასევე გახანგრძლივდება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა 2022 წლის 3 იანვრიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.  ამავე პერიოდით გაგრძელდება „საკრედიტო საგარანტიო სქემით“ სარგებლობის ვადაც.

 

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე დაამტკიცა ორი განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომელთა მიხედვით, 107 ფიზიკურ პირს ქალაქ რუსთავში, ხოლო 25 ადამიანს ქალაქ მარნეულში, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად  საკუთრებაში გადაეცემათ და დაუკანონდებათ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები.

 

 

big_banner
არქივი