logo_geo
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თამარ ტალიაშვილის მომზადებული რეზოლუციის -„ახალგაზრდობა და მედია“ საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
- +

10 მაისი. 2022. 13:07

 

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ტალიაშვილის მიერ მომზადებული რეზოლუციის - „ახალგაზრდობა და მედია“ საკომიტეტო მოსმენა გაიმართა რომში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლების, მედიისა და ახალგაზრდობის კომიტეტის სხდომაზე.

 

საქართველოს პარლამენტის წევრი მოხსენებით წარსდგა საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტისა და მოწვეული სამეცნიერო-ექსპერტული საზოგადოების წინაშე. მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე და ასევე ახალ შესაძლებლობებზე რომელსაც მედია წარმოშობს ახალგაზრდებთან მიმართებით.

 

„მოხარული ვარ რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტი და ევროპის საექსპერტო-სამეცნიერო საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა ჩემს სარეზოლუციო ინიციატივას. მედიის ზეგავლენა ახალგაზრდობაზე არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა რომელიც საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ფოკუსში მოექცა. დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი არის ინდივიდუალური პიროვნული თავისუფლება, შესაბამისად, საინფორმაციო საზოგადოებაში მედიამ უნდა შეძლოს ამ თავისუფლების ხელშეწყობა და თავის მხრივ ახალგაზრდებმა ინოვაციურ-კრეატიული მიდგომებით განავითარებენ მედია გარემოს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტში აღნიშნულ მოხსენებასთან დაკავშირებით მოწვეული იყვნენ მედიისა და  ახალგაზრდობის სფეროს მკვლევარები და ექსპერტები იტალიიდან, ბელგიიდან და ესპანეთიდან, რომელთა საექსპერტო შეხედულებები თამარ ტალიაშვილის განცხადებით ამყარებს რეზოლუციას: -„ახალგაზრდობა და მედია“.

 

 

big_banner
არქივი