logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: ზურაბ აზარაშვილის მოხსენებამ აჩვენა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სფეროს განვითარება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს
- +

11 მაისი. 2022. 21:46

 

 

 

“ჯანდაცვის მინისტრის მოხსენებისას ბევრი ისეთი სფერო იქნა გამოყოფილი, რა მიმართულებებითაც აუცილებელია ქვეყნის შემდგომი პროგრესი და ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული გეგმები და კონკრეტული ხედვები. ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ სამინისტროს და ამ სფეროს განვითარება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს,” - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოხსენებას, რომელიც დღეს პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა.

 

მიხეილ სარჯველაძემ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას იმსახურებს საქმიანობა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო წარმართავს თქვენი ხელმძღვანელობით. მადლობას იმსახურებს დაწყებული 2012 წლის მიწურულიდან. ეს არის ის სფერო, სადაც ნამდვილად არ შეუძლია ოპოზიციას რაიმე კრიტიკული თქვას. ეს დაიწყო არაჩვეულებრივი შედეგებით და პროგრესით, რომელიც არსებობდა 2012 წლიდან მოყოლებული და საბედნიეროდ, დღემდე გრძელდება“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა პრიორიტეტულ სფეროებზე, რა მიმართულებითაც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. მისი განმარტებით, ეს მიმართულებებია: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის შესაბამისი ზედამხედველობის გაწევა, საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“, ასევე დასაქმების, ბავშვთა უფლებების, ფსიქიატრიული მკურნალობისა და პრევენციული მედიცინის განვითარების სფეროები. მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაწყებულია მუშაობა შვილად აყვანის კანონმდებლობის რეფორმაზე, გარდა ამისა, მუშაობაა გასაწევი ალიმენტების გადახდის სისტემასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, სამინისტროსა და კომიტეტს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ.

 

„თანამშრომლობის ფორმები კომიტეტსა და სამინისტროს შორის არის ზედმიწევნით კონსტრუქციული, პროდუქტიული და ეს დასაფასებელია. ჩემთვის საყურადღებო იყო ბევრი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ზემოაღნიშნულ თემატიკას ეხებოდა და რომელზეც მინისტრმა გამოსვლაში ისაუბრა. იმედის მომცემი ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ისეთი სფერო იქნა გამოყოფილი, რომელშიც ცხადია, რომ აუცილებელია ქვეყნის შემდგომი პროგრესიც და ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული გეგმები და კონკრეტული ხედვები. იყო საქმეზე ორიენტირებული, აკადემიურად და პროფესიულად ძალიან მაღალ დონეზე წარმოდგენილი ანგარიში. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ოპოზიციის ბევრი წარმომადგენლის მხრიდან რელევანტური შეკითხვა არ დასმულა და არც კომენტარი გაკეთებულა, იყო ბევრი რამ, რაც არაკვალიფიციურობის გარდა, არაეთიკურობით ხასიათდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ სამინისტროს და ამ სფეროს განვითარება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

big_banner
არქივი