logo_geo
გივი მიქანაძე: პარლამენტი თავის წვლილს შეიტანს იმ პროგრამების განხორციელებაში, რომელიც მათ საქმიანობას და განვითარებას ხელს შეუწყობს
- +

18 მაისი. 2022. 14:11

 

 

„პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანადაფინანსებით მომზადებული პროგრამის - „ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის“, მესამე ფაზის - „ახალგაზრდების დასაქმება და მეწარმეობა“ პრეზენტაციას დაესწრო“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდება ახალგაზრდების დასაქმებასა და სამეწარმეო სფეროში მათ ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, 2022-2024 წლებში მთელი რიგი პროექტები და ინიციატივები განხორციელდება, რომლებიც ახალგაზრდებს კარიერის მართვის უნარების განვითარებაში დაეხმარება და საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორთა შორისი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

 

ღონისძიების მონაწილეებს გივი მიქანაძე მიესალმა, რომელმაც ახალგაზრდების დასაქმების საკითხებში პარლამენტის როლსა და ჩართულობაზე ისაუბრა.

 

„პარლამენტი მზაობას გამოთქვამს თავისი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდობის განვითარებაში და იმ პროგრამების განხორციელებაში, რომელიც სწორედ ახალგაზრდების საქმიანობას და მათ შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს. ეს შეეხება როგორც კონკრეტულ პროექტებს, ასევე ორგანიზაციებს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

მან ასევე ევროკავშირს და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, რომელთა უშუალო მხარდაჭერით პროექტის მესამე ფაზა იწყება. მისივე შეფასებით, აღნიშნული ფაზა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევისკენ არის მიმართული - დასაქმების კომპონენტის მხარდასაჭერად, ამიტომ აღნიშნული პროექტი პირდაპირი გამოხმაურება და გამოძახილია, იმ საჭიროებებისა, რომლის წინაშეც საქართველოში ახალგაზრდობა დგას.

 

„პარლამენტიდან ვაპირებით აქტიურ თანამშრომლობას და ჩვენ ხვალვე ვგეგმავთ, პროექტის გუნდთან შეხვედრას და ყველა იმ დეტალის გავლას, სადაც პარლამენტის მხრიდან ჩართულობა იქნება საჭირო. პარლამენტი მაქსიმალურად მხარს დაუჭერს პროექტების მიზნების განხორციელებას, რადგან პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს პასუხობს და პირდაპირ კავშირშია მათთან. საქართველოს პარლამენტმა წინა მოწვევაში, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თაოსნობით და სამუშაო ჯგუფის ძალიან დიდი ძალისხმევით, შეიმუშავა და დაამტკიცა კონცეფცია, რომელიც ახალგაზრდობის განვითარების პოლიტიკას პასუხობს, რომელიც 2020-2030 წლების კონცეფციაა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, სამინისტროსთან და შესაბამის სააგენტოსთან ერთად, გეგმავს ყურადღებით მოეკიდოს ამ დოკუმენტის განხორციელებას და დააწესოს რეგულარული მონიტორინგი მის განხორციელებაზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

პარლამენტის წევრმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომლის დაინიცირებაც დღეს მოხდება. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საჯარო სამსახურში გავლილი სტაჟირება ახალგაზრდებს სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ.

 

„დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიდან დაწყებული ყველას მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ სტაჟირების გავლის შემთხვევაში, მათ ეს პერიოდი ჩაეთვალოთ სტაჟში. მინიმალური პერიოდი განისაზღვრება 6 თვით და ერთი და იმავე საჯარო უწყებაში ადამიანს შეეძლება გაიაროს ეს სტაჟირება ზედიზედ ორჯერ, რაც მას დაუგროვებს იმ მინიმალურ პერიოდს, რომელიც მას ღია კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. ასევე საჯარო დაწესებულებებს კონკრეტული ვალდებულება ექნებათ, რათა ახალგაზრდები მიიღონ სტაჟირებაზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

big_banner
არქივი