logo_geo
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: სტატისტიკა მკაფიო დასტური და ინდიკატორია იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში ქმედითი გახდა და უფლებათა დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა
- +

25 მაისი. 2022. 22:20

 

 

“მინდა ვისაუბრო იმ ფაქტებზე, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მოპოვების მტკიცებულებით საფუძველს. კონკრეტულად შევეხები, ჩვენი ხელისუფლების მიერ დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებას საქართველოში, რომლებითაც ჩვენი ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. ამასთანავე, ამ ფაქტებით და არა შეფასებებით, მოხდება ოპოზიციის იმ რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლების მხილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ ვიწროპარტიულ კამპანიას და აღვივებენ აღქმას ფაქტების საწინააღმდეგოდ, თითქოს საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მოპოვებას,” - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს.

 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით განახორციელა სრულმასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს აქვს კონსტიტუცია, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით უმაღლესი ევროპული სტანდარტის საპარლამენტო მმართველობის სისტემის განმტკიცებას უზრუნველყოფს და საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის მყარ ფუნდამენტს ქმნის.

 

ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის შეფასებაზე გაამახვილა ყურადღება რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული საკონსტიტუციო რეფორმა ამთავრებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემად გარდაქმნის პროცესს და წარმოადგენს, ქვეყნის კონსტიტუციური წყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს. ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, კანონის უზენაესობას და ძირითადი უფლების დაცვას.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ 2018 წელს მიღებულ, საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე ისაუბრა. „კონსტიტუციის 36 მუხლის ჩანაწერმა რეალური შინაარსი შეიძინა, რომლის თანახმადაც პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. მათ შორის, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ოპოზიციის როლი საპარლამენტო საქმიანობაში, რისი პრაქტიკული გამოხატულებაც იყო ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობის მონაწილეობით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობა. ამ რეფორმამაც არ დაიმსახურა „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი წარმომადგენლობის მხარდაჭერა. ეს რეფორმა ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სულ ახლახან მიღებულ რეზოლუციაში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში პარტიულ-პოლიტიკური სისტემის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ქმნის მყარ ფუნდამენტს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირს მაქსიმალურად დაუახლოვდეს.

 

„პარტიულ-პოლიტიკური სისტემის რეფორმირება, რაც 2003-2012 წლებში ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებული ცვლილებებით განხორციელდა, იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ დღემდე გამოწვევად რჩება პარტიულ-პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება. ამ მიზნით ქართულმა ოცნებამ, 2020 წელს ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები პარტიებისთვის დადგენილი 1%-იანი საარჩევნო ბარიერით და პროპორციულ საარჩევნო მოდელთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემით. ამის შედეგად, 1995 წლის შემდეგ, 25 წლის თავზე, საქართველოს პარლამენტში პირველად არის წარმოდგენილი პარტიათა ისეთი მრავალრიცხოვნება, როგორიც დღეს არის. 1995 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთი დაბალი ბარიერით არ ჩატარებულა, მით უფრო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არჩევნები ტარდებოდა 5 და 7%-იანი ბარიერებით“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ, 2018 წელს დასრულებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, 2024 წლიდან გარანტირებულია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.​ ოხანაშვილმა 2021 წელს ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ჩართულობით გატარებულ ძირეული საარჩევნო რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებისგან ეფექტიანი დაცვის მექანიზმების შემოღებას უზრუნველყოფს და ამ მხრივ, არ ტოვებს რაიმე კითხვის ნიშნის გაჩენის შესაძლებლობას.

 

„მოხდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობების გაზრდა საარჩევნო პროცესში ყველა კომისიის დონეზე, რაც მინიმუმამდე ამცირებს რაიმე სახის მანიპულაციის შესაძლებლობას. დანერგილი იქნა ხმების დათვლის ვიდეოფიქსაციის და ხმების ავტომატურად გადათვლის უპრეცედენტო მოდელი, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულ გამჭვირვალობას. ამ რეფორმებმაც ვერ დაიმსახურა ე.წ. პროდასავლელი ოპოზიციონერი კოლეგების კერძოდ, „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა. „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული პროპორციული საარჩევნო სისტემა და პარტიების დაფინანსების სამართლიანი წესი ეტაპობრივად უზრუნველყოფს პარტიულ პოლიტიკური სისტემის განვითარებას და გაძლიერებას. საბოლოოდ, ხაზგასასმელია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა ამ რეფორმებმა, ჩვენს საზოგადოებას დაუბრუნა არჩევნებისადმი ნდობა, რასაც ადასტურებს 2020 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობა. კერძოდ 2016 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ფიქსირდება ამომრჩეველთა თითქმის 5%-იანი ზრდა“, - განაცხადა ოხანაშვილმა,

 

მან სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობის შემცირებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი.

 

2022 წლის მარტის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში, საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. ჩვენ ამ სტატისტიკით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის საქართველო საუკეთესო ოთხეულშია და ჯამში უსწრებს ევროსაბჭოს 25 და მათ შორის, ევროკავშირის 14 სახელმწიფოს. ეს სტატისტიკა მკაფიო დასტური და ინდიკატორია იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც თქვენ, ასე გამალებით ებრძვის რადიკალური ოპოზიცია, გახდა საქართველოში ქმედითი და იძლევა უფლებათა დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას.

 

თქვენ ცდილობთ მიზანმიმართულად მოახდინოთ სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. ამას ადასტურებს ის, რომ თქვენ ყველა იმ საქმეს უწოდებთ პოლიტიკურად მოტივირებულს, სადაც თქვენი გუნდის წევრების ბრალეულობა იკვეთებოდა. თქვენ პოლიტიკურს უწოდებთ განაჩენებს, რომლებიც დაეფუძნა სწორედ, ისეთ მტკიცებულებებს, როდესაც პირდაპირ ეთერში, მაგალითად რუსთაველის გამზირზე არბევდნენ ადამიანებს. თქვენ ტვ. იმედში შეჭრის ფაქტსაც კი არ აღიარებთ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს და რუსთაველის გამზირზე ჩადენილ ძალადობებს - იქნება ეს 7 ნოემბრის თუ 26 მაისის სასტიკი დარბევა, რომლებსაც პირდაპირ მტკიცებულებით გამოყენება შეიძლება ჰქონოდა, რადგან ეს გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, რასაც დაეყრდნო სასამართლო და თქვენ ამას მოიხსენიებთ პოლიტიკურად მოტივირებულად. ამის შემდგომ თქვენ სააკაშვილის, გვარამიას თუ მერაბიშვილის საქმეებზე, რომ პოლიტიკურად მოტივირებულად მოიხსენიებთ, ეს ჩვენ არ გვიკვირს. თქვენ სტრასბურგის სასამართლომ გითხრათ მათ შორის, რუსთავი2-ის საქმეზე, რომ სასამართლო იყო მიუკერძოებელი“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

 

 

big_banner
არქივი