logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: დებატზეც და ინტერპელაციაზეც ოპოზიცია დამარცხდა
- +

27 მაისი. 2022. 21:56

 

 

„არაა სწორი, როდესაც არგუმენტების დეფიციტის გადაფარვას ადამიანები ცდილობენ რამდენიმე რეგისტრით მაღალ ტონში საუბრით. ეს მიუღებელია და ეს არის ყველაზე მეტად დაშორება იმისგან, რაც უნდა იყოს რეალურად საპარლამენტო დებატის მთავარი არსი. მე მომეჩვენა ისიც, რომ ამის მთავარი მიზეზი და განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ დებატზეც და ინტერპელაციაზეც ოპოზიცია დამარცხდა“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს.

 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სტაბილური ეკონომიკური გარემო არის დამსახურება იმ სამართლებრივი რეფორმების, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა საქართველოში და უკავშირდება ეკონომიკის სწორად რეგულირებას.

„დღეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, იმ თვალსაზრისით, რაც ეხება სამართლებრივი ჩარჩოს სწორად განსაზღვრას, არის აბსოლუტურად მართებული და დღეს ეს გამოჩნდა, როდესაც აღინიშნა რამდენიმე მნიშნელოვანი ინდიკატორის და მნიშნელოვანი ფაქტორის შესახებ.  დღეს, რომ სტაბილურია ეკონომიკური გარემო, ეს არის დამსახურება იმ სამართლებრივი რეფორმების, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა საქართველოში და უკავშირდება ეკონომიკის სწორად რეგულირებას და არ შეიძლება არ  დავასახელოთ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი, რომელმაც ძალიან წინ წაგვწია, მათ შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დღის წესრიგში.

 

ეს არის ის საბაზისო ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა დაზღვეულია მავნე გავლენებისგან, რომელიც შეიძლება მოდიოდეს  გარე ფაქტორებისგან და ეს ბევრწილად არის დამოკიდებული სამართლებრივი ჩარჩოს გამართულობაზე.  ის, რომ დღეს, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა სოციალური სახელმწიფოს იდეა, სიღარიბის დაძლევა, დასაქმების გაფართოება -არის უმნიშვნელოვანესი მესიჯი, რომელიც იყო მთავარი და რაც ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი