logo_geo
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- +

20 ივნისი. 2022. 23:49

 

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები დეპუტატებს ეკა სეფაშვილმა გააცნო.

 

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებისათვის ხელისშეწყობას და საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

 

ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს საინვესტიციო ფონდში მონაწილეობის უფლება იმ დათქმით ენიჭება, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის საშუალება არ ექნება. მისივე თქმით, სახელმწიფო ფონდში გადამწყვეტი ხმის უფლების გარეშე მიიღებს მონაწილეობას.

 

„ცვლილების შესაბამისად, საინვესტიციო ფონდებში სახელმწიფოს ექნება მონაწილეობის უფლება, რაც საქართველოს კანონმდებლობით ამ ეტაპზე არ აქვს. კერძოდ, სახელმწიფო ორგანოებს ანდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შესაძლებლობა მიეცემათ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა“, - განმარტა ეკა სეფაშვილმა.

 

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის წინადადებაზე, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა ფონდში 25 პროცენტიანი ზედა ზღვარით განისაზღვროს, რათა გამოირიცხოს სახელმწიფოს გავლენა ეკონომიკური სახის გადაწყვეტილებების მიღებაზე.

 

კომიტეტმა კანონპროექტს, განხილვის დროს გაჟღერებული შენიშვნების გათვალისწინებით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 

 

big_banner
არქივი