logo_geo
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხვისთვის დაწესებული სანქციების გაზრდას მხარი დაუჭირა
- +

22 ივნისი. 2022. 20:11

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტით შემოდის ახალი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს სანქციის დაწესებას იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ დგინდება მწვანე ნარგავის სახეობა.

 

მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხვისთვის არსებობს 500 ლარიანი ჯარიმა და იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის1000 ლარიანი ჯარიმა, შემოთავაზებული ცვლილებებით კი, შემოდის შესაბამისად - 5 000 და 10 000 ლარიანი ჯარიმები.

 

„ამასთან, თუ ხე-ტყის გაჩეხვის გამო წარმოიშვება მნიშვნელოვანი ზიანი და ხშირად ეს მნიშვნელოვანი ზიანი 1000 ლარს აღემატება, ამ შემთხვევაში, დაანგარიშების შემდგომ, ავტომატურად დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. როდესაც ვერ დგინდება ხის სახეობა, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია დაანგარიშდეს გარემოსთვის მიყენებული ზიანი და შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ მოცემულობაში თუ პირი მესამედ ჩაიდენს აღნიშნულ ქმედებას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

წარმოდგენილი ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს ახალი რეგულაციის შემოღებას მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემის ფაქტებთან დაკავშირებით. პროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედებისათვის გათვალისწინებულია 10 000 ლარიანი ჯარიმა.

 

 

big_banner
არქივი