logo_geo
შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობოები, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლაზე პრეტენზიას აცხადებდნენ, უნდა დაფიქრდნენ, უკან მიაქვთ თუ არა მოთხოვნები - უნდა ვიცოდეთ, ვინ ზის მაგიდის გარშემო: პოლიტიკური პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია
- +

13 ივლისი. 2022. 13:13

"ზოგადად, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ხელისუფლებაში მოსვლაზე, მოვუწოდებ, დაფიქრდნენ, ამ კუთხით თავიანთი მოთხოვნები უკან მიაქვთ თუ არა, იმიტომ, რომ ესეც მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ზის მაგიდის გარშემო, ის არის პოლიტიკური პარტია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამოქალაქო სექტორი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები. მისი თქმით, მაგალითად, ის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე აკადემიური წრეების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ფოკუსირება არ მოხდეს მხოლოდ ცალკეულ პროექტებზე, თუ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, არამედ სამოქალაქო სექტორის უფრო ფართო ჩართულობაზე.

„რა თქმა უნდა, მათ შორის რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი გახლავთ ის, რომ ჩართული იყოს სამოქალაქო სექტორი. რაც შეხება ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის იმათ, რომლებსაც გუშინაც ჰქონდათ საჯარო მიმართვა, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელმომწერებიდან რამდენიმე, მანამდე, ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით გამოდიოდა. ხაზს ვუსვამ, ეს არის სწორედ ის ზღვარი, რომლის იქითაც უკვე არის პოლიტიკური დღის წესრიგი და არა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობა. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს და თავისთვის ითხოვს, რომ ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა მთავრობის დაკომპლექტებაში, ეს უკვე არის პოლიტიკური განაცხადი და პოლიტიკური პარტიის პლატფორმა. ამიტომ, ზოგადად, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული და აცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაში მოსვლაზე, მივმართავ, რომ დაფიქრდნენ, ამ კუთხით თავიანთი მოთხოვნები უკან მიაქვთ თუ არა, იმიტომ, რომ ესეც მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ზის მაგიდის გარშემო, ის არის პოლიტიკური პარტია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაერთმა ორგანიზაციამ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, როდესაც პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგის განმახორციელებელი გახდა, მათ შორის, სხვადასხვა პარტიასთან აფილირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი