logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა
- +

22 ივლისი. 2022. 12:57

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა.

 

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, აზერბაიჯანი არა მხოლოდ საქართველოს მეზობელი, არამედ მოძმე ხალხია, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო  აფასებს იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ ჩვენი მხრიდან. მოხარული ვარ თქვენი ნახვით საქართველოში. დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა საქართველოში, მე მახსოვს, რამდენიმე წლის წინ შევხვდით, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და მიხარია, რომ დღეს ისევ გვეწვიეთ თბილისში.

 

ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი, არამედ ჩვენი მოძმე ხალხია, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგი, კონკრეტული პროგრესი, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და თქვენი ვიზიტი არის დასტური ამ ძმობის და სიყვარულის. მე განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ თქვენ განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებთ ჩვენს უწმინდესთან და მე ვიცი თქვენი განსაკუთრებული პატივისცემის შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

შეხვედრაზე ალაჰშუქურ ფაშაზადემ  ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წვლილი ორი ქვეყნის  ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებში.

 

„მადლობას გიხდით თქვენი ძვირფასი დრო რომ დაგვითმეთ. ჩვენმა წინა შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა და რა თქმა უნდა, მივესალმები.

 

სანამ ვიზიტი დაიწყებოდა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან კავშირი გვქონდა და მან განსაკუთრებით მთხოვა, რომ თქვენთვის პირადად გადმომეცა მისი გულთბილი სალამი და ეს მოვალეობა შევასრულე.

 

მე პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ის, რომ კავკასიაში ამ ორი, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პოლიტიკურ ჭრილში, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური თუ სხვა მიმართულებებით მაღალ დონეზეა, ეს ცალსახად აღსანიშნავია.

 

თქვენი და ბატონი პრეზიდენტის ურთიერთობის შესახებ მე წინა შეხვედრებზეც მქონდა საუბარი ბატონ პრეზიდენტთან. ის ყოველთვის განსაკუთრებულად მოგიხსენიებთ, დიდი პატივისცემით არის განწყობილი თქვენს მიმართ და თქვენი ურთიერთობა, აისახება ხალხზეც, ქვეყნებზეც და თქვენი მაღალი დონის ურთიერთობებშიც და ეს არის ჩვენთვის მაგალითი“, - განაცხადა ალაჰშუქურ ფაშაზადემ.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, მუსლიმი თემის მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება.

 

შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ დროისთვის სახელმწიფომ მუსლიმებს სარგებლობაში გადასცა 228 მეჩეთი, ასევე  1300  კვ.მ მიწა თბილისში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ცენტრალური ოფისის  ასაშენებლად. დღეის მდგომარეობით საქართველოში 300 მოქმედი მეჩეთი არსებობს.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, კავკასიის მუსლიმთა თემის თავჯდომარის პირველი მოადგილე სალმან მუსაევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე საიბ ნაგიევი ესწრებოდნენ.

 

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მეუფე გერასიმე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

 

 

 

big_banner
არქივი