logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობის ნაცვლად, სექტემბრიდან ქუჩის აქციებს აანონსებს
- +

26 ივლისი. 2022. 12:02

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა, ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე სამუშაოდ შექმნილ სამუშაო ჯგუფებზე ისაუბრა და ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობის ნაცვლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საკუთარი პარტიული ფორმატი შექმნეს.

 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაცია, რომელმაც, ერთის მხრივ, მოიწონა საქართველოს პარლამენტის სამუშაო გეგმა 12 პუნქტთან დაკავშირებით და, მეორეს მხრივ, დაჟინებით მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში.

 

ამის საპირისპიროდ, ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ” და „სტრატეგია აღმაშენებელმა”, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს.

 

ნათელია, რომ „ტექნიკური მთავრობის” ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილებასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას.

 

მოხარული ვარ, რომ მოვისმინე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, პარტიის და საერთაშორისო აქტორის შეფასებები ამ სამპარტიული კოალიციის მიერ წამოწყებული პროცესის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით.

 

მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა, ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს.

 

საქართველოს პარლამენტი, მრავალპარტიულ ფორმატში და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, განუხრელად გააგრძელებს დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მუშაობას და უზრუნველყოფს წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ყველა კანონპროექტის ინიცირებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი