logo_geo
პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაზე: ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა, ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება
- +

29 ივლისი. 2022. 16:10

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ნაცვლად პოლარიზაციის დასრულებისა, ყოველ დღე ხელს უწყობს პოლარიზების გაღვივებას.

ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელწერა არის ცნობილი ყველასთვის. ჩვენი საჯარო შეთავაზების მიუხედავად, ჩვენ მიერ გადადგმული ძალიან ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯის მიუხედავად, თქვენ ნახეთ და ყველანი გავხდით მომსწრე იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. მათი სურვილი არ არის, რა თქმა უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ასოცირების შეთანხმების პროცესი, უვიზო რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებები, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. შესაბამისად, რა თქმა უნდა ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება, რაც რა თქმა უნდა ასევე დასრულდა ფიასკოთი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, ჩვენ არ დავუშვებთ არავის პროვოკაციას და არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში რაღაც არეულობა შემოიტანოს. თუ მათ სურთ რეალურად თანამშრომლობა გონივრული და ასე ვთქვათ პრაგმატული, ამ პოლიტიკის გათვალისწინებით და კონსტრუქციულ რეჟიმში უნდათ დიალოგის გამართვა ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ნაცვლად პოლარიზაციის დასრულებისა, ისინი ყოველ დღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას. მოგეხსენებათ პარლამენტში აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესები მიმდინარეობს, სამუშაო ჯგუფები არის შექმნილი, მუშაობა დაწყებულია, ჩვენი მხრიდან, რაც არის ჩვენზე დამოკიდებული მაქსიმუმს გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ ჩვენზე არავითარი კითხვა არ დარჩეს არც ერთ ჩვენ ევროპელ თუ ამერიკელ მეგობარს," - განაცხადა პრემიერმა.

big_banner
არქივი