logo_geo
გიტანას ნაუსედა: რუსეთის სურვილები და პოლიტიკური მადა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოებით არ შემოიფარგლება
- +

8 აგვისტო. 2022. 21:16

 

 

სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს საუბარი რუსეთის მიერ გაყინული კონფლიქტების შექმნის აგრესიულ პოლიტიკაზე. რუსეთი ახდენს დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას და ამ არაკანონიერი გზით, დროებით ოკუპაციას ისინი იყენებენ დესტაბილიზაციის შექმნის საშუალებად, ხელს უშლის და ცდილობს, რაც შეიძლება მეტად გაართულოს სუვერენული სახელმწიფოების დასავლურ სამყაროში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, - ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მიუღებელ მისიას იღებს საკუთარ თავზე - გადაწყვიტოს სუვერენული სახელმწიფოების ბედი.

 

„ძალიან სამწუხარო თარიღია. გავიდა 14 წელი და რუსეთის პოლიტიკური ნების დეფიციტის გამო არაფერი შეცვლილა. ისინი დაინტერესებულები არიან არეულობის, გაურკვევლობის შექმნით, ხალხის ტანჯვით. მე ვიმყოფებოდი საქართველოში და ნათელი იყო ჩემთვის რას განიცდიან ადგილობრივები. დაღუპული ადამიანები, დაკარგული ტერიტორიები, იძულებით მიტოვებული საკუთარი საცხოვრებელი სახლები, შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება, ადამიანებს იტაცებენ და ტყვეების წამების შემთხვევებიც ვიცით. ეს არის დემონსტრაცია იმის, თუ როგორ ტანჯავს რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მშვიდობიან მოქალაქეებს. ხალხი იხდის ამ უმძიმეს საფასურს. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს, უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებიც დაემატა. რუსეთი არ შეცვლილა. რუსეთი არასწორ დასკვნებს აკეთებს და გაუგებარ, ყოვლად მიუღებელ მისიას იღებენ საკუთარ თავზე, რომ გადაწყვიტონ სუვერენული სახელმწიფოების ბედი, რაც მათი საქმე არ არის, საერთაშორისო სამართლის ნორმების და წესების უხეში დარღვევაა და ეს არ არის ის წესები, რომელზეც ცივილიზებული სამყარო დგას. ყველაზე სამწუხაროა, რომ რუსეთის სურვილები და პოლიტიკური მადა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოებით არ შემოიფარგლება. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომი აჩვენებს, რომ რუსეთისთვის საზღვარი არ არსებობს, მათ მოქმედებას ლიმიტი არ აქვს. ისინი არ ცნობენ წითელ ხაზებს, ისინი იწვევენ დემოკრატიულ სამყაროს, ებრძვიან დემოკრატიას და მათთვის დამახასიათებელია აგრესიული ქმედებები. ვერავინ იქნება უსაფრთხოდ, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ლიეტუვა ასე უჭერს მხარს უკრაინას, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს და ასოცირებულებს. ლიეტუვა აკეთებს ყველაფერს თქვენს მხარდასაჭერად და თქვენი ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისთვის. დიახ, ეს გზა არ არის მარტივი და იოლი გზა. ეს გზა დატვირთულია წინააღმდეგობებით, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა. ერთად უფრო მეტს მივაღწევთ და ჩვენ ვართ თქვენთან ერთად. მე ვარ პირადად საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე მიმაგრებს ზურგს ლიეტუველი ხალხის ნება, სურვილი და საქართველოს მიმართ მათი უდიდესი სიყვარული. ლიეტუველი ხალხია დაინტერესებული იმით, რომ საქართველო მუდამ წარმატების ისტორია იყოს. ჩვენ ეს შევძელით 18 წლის წინ, როდესაც ლიეტუვა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ვართ და ამის მიზეზი ევროკავშირის წევრობა გახდა“, - განაცხადა ნაუსედამ.

 

 

big_banner
არქივი