logo_geo
გია ცაგარეიშვილი ევროკავშირის ანგარიშზე: საუბარია განგრძობით რეფორმებზე, რომლებიც დღის წესრიგიდან გამომდინარეობს - მუშაობა გაგრძელდება და ვფიქრობ, გარკვეული მიმართულებებით წუხილები გაქარწყლდება
- +

14 აგვისტო. 2022. 11:45

 

 

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. გია ცაგარეიშვილის თქმით, ის ელოდებოდა იმ წუხილს, რომელიც დოკუმენტშია გამოთქმულ, თუმცა, მისივე თქმით, ეს ევროკავშირის ხედვაა და ხელისუფლება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ბოლომდე მიიყვანს.

დეპუტატის თქმითვე, წლის ბოლოს, როდესაც მმართველი გუნდი, ევროპულ რეკომენდაციებს შეასრულებს, დასავლელი პარტნიორების წუხილი, გაქარწყლდება.

„[დოკუმენტში] არის მითითებები შესასრულებელ სამუშაოებზე, გასატარებელ რეფორმებზე, ნაკლოვანებებზე და, ასევე, იმ წარმატებებზე, რომლებიც DCFTA-ს, ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, საქართველოს ხელშესახებად აქვს მოპოვებული და წარმოდგენილი. საუბარია იმ განგრძობით რეფორმებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. საუბარია წინსვლებზე. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ვფიქრობ, გარკვეული მიმართულებებით წუხილები გაქარწყლდება“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალაა. „მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს“, - ნათქვამია ანგარიშში, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და, კანონის უზენაესობის კუთხით, უკუსვლა შეინიშნებოდა.

big_banner
არქივი