logo_geo
პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

25 აგვისტო. 2022. 22:55

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობის საკითხებზე იმსჯელეს.

ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, შეხვედრაზე იმ რეკომენდაციების და წინადადებების განხილვა მოხდა, რომლებიც ჯგუფის წევრებმა სამსჯელოდ მიიჩნიეს. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა პოზიციები შეაჯერეს და ფაქტობრივად ყველა საკითხზე შეთანხმდნენ, ორ საკითხს კი, სამუშაო ჯგუფის წევრები 15 სექტემბრის სხდომაზე მიუბრუნდებიან.

გივი მიქანაძემ უკვე შეჯერებულ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად შერჩევაზე დაწესებულ შეზღუდვას, საუბნო საარჩევნო კომისიის თანამდებობის პირების და პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრების სერტიფიცირებას, ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებისთვის დაწესებული ჯარიმის გაორმაგებას, საარჩევნო უბნების შედეგების გასაჩივრებისთვის დაწესებული ვადის გაზრდას და გადათვლის პროცედურებს შეეხებოდა.

რაც შეეხება ელექტრონული საარჩევნო სისტემის შემოღებას, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაადასტურეს სურვილი, რომ აღნიშნული სისტემა ქვეყანაში დაინერგოს და პილოტური რეჟიმიდან სრულად მოხდეს გადასვლა. ამასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ამ პროცესისადმი ღიაობა განვაცხადეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს და პროცესის დეტალური შესწავლა ხდება. პარალელურად, მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება და აპარატურის შეძენა მოხდეს. ჩვენი მხრიდან გაცხადდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე დაფიქსირდება“, - განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა.

გივი მიქანაძემ თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზეც ისაუბრა და არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედი მერის უფლებამოსილების შეჩერებაზე, ჯგუფის წევრებს შორის მიღებული შეთანხმება გაახმოვანა. მისივე ინფორმაციით, ცვლილებები პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯის საერთო რაოდენობის შემცირებასაც შეეხება და დღეს მოქმედი მშპ-ს 0.1%, რაც დაახლოებით 60 მლნ. ლარს შეადგენს, 0.05% -მდე განახევრდება.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ფრაქცია „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური ჯგუფების „მოქალაქეების“, „გირჩის“ „ევროპელი სოციალისტების“ წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

big_banner
არქივი