logo_geo
მაია ბითაძე: მოვუწოდებ ჩვენს ტელევიზიებს, გადაამოწმონ ინფორმაცია და მუდმივად სტრესში ნუ ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას
- +

20 სექტემბერი. 2022. 14:37

 

ნებისმიერი რეფორმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ გატარდა, ყოველთვის მიზნად ისახავდა გარკვეული შეღავათების, სუბსიდირების ან დახმარების პროგრამების ამოქმედებას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, თითქოს სახელმწიფო აპირებს აკრძალოს გარკვეული ტიპის ავტომობილები და პრობლემები შეუქმნას მოსახლეობას.

მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ეს სრული სიცრუეა და საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ქვეყანაში ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პარალელურად მიმდინარეობს გარკვეული კვლევები და ანალიზი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში გადაადგილების გაუმჯობესებასთან, ჰაერის ხარისხის მონიტორინგთან და დაბინძურების პრევენციასთან.

ამისთვის ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის საწვავის კონტროლის კუთხით და დღესდღეობით საქართველოში ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინი გამოიყენება და მომდევნო წლიდან დიზელიც ევრო 5-ის სტანდარტის იქნება.

რაც შეეხება გარკვეული ტვირთის დაწესებას ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს არამც და არამც არ იგეგმება. ასევე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ფარგლებში გატარდა, ყოველთვის მიზნად ისახავდა გარკვეული შეღავათებისა და სუბსიდირების ან დახმარების პროგრამების ამოქმედებას. შეგახსენებთ ტაქსების რეფორმას, რომელზეც ვაი-ვიში იყო ატეხილი, მაგრამ შემდეგ ძალიან წყნარად და უმტკივნეულოდ გატარდა. ასევე სატრანსპორტო ფასების ინტეგრირების საკითხს, რომელიც თბილსში ახლახან დასრულდა და აღმოჩნდა, რომ არა თუ გაძვირდა, არამედ ფასები ინტეგრირდა და უმეტეს შემთხვევაში სუბსიდირების ნაწილი გაიზარდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც გატარდება, იქნება პირველ რიგში ადგილობრივი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს ტელევიზიებს, ან გაერკვნენ ან გადაამოწმონ ინფორმაცია და მუდმივად სტრესში ნუ ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას“, -განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

big_banner
არქივი