logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას მიენიჭა, არის შანსი ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად
- +

21 სექტემბერი. 2022. 12:45

ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ევროკავშირის გადაწყვეტილებამ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველოსთვის გააჩინა ჩვენი კონსტიტუციური მიზნის - ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა. ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგიც დიდწილად სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენას დაუკავშირდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საბჭოს მიდგომა სამი ასოცირებული ქვეყნის მიმართ გარკვეულწილად დიფერენცირებულია, ერთი რამ არის ცხადი: ეს არის საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ გვაქვს მისი გამოყენების შანსი“, - განაცხადა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომის გახსნისას, თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება სრული სერიოზულობით ეკიდება ევროკავშირის იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებასთან ერთად მიიღო საქართველომ და უნდა შეასრულოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.

სხდომის თანათავმჯდომარემ, პარლამენტში ამ მიზნის მისაღწევად პარლამენტში არსებულ დღის წესრიგზე ისაუბრა, რაც მისი შეფასებით, მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით, რაც შეიძლება მალე აჩვენოს პროგრესი.

ევროპული პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას მიენიჭა ერთი მხრივ, არის შანსი ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, მეორე მხრივ კი ეს არის ერთგვარი გამოცდა, როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე ქართული საზოგადოებისთვის. დღეს ყველა ქართველი პოლიტიკოსი უნდა აცნობიერებდეს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს სჭირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში მათი კეთილსინდისიერი ჩართულობა.

ჩვენს უკან დგას საქართველოს მოქალაქეთა ის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც საქართველოს ევროკავშირში წევრობა სურს და თავი ევროპის ნაწილად მიაჩნია.

ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევად გზაზე დავაყენოთ. ეს არის ის მიზანი, რაც ამოძრავებს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რუსული ოკუპაციის და მრავალი ჰიბრიდული გამოწვევის თანხლებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზამკვლევად ასევე რჩება ასოცირების შესახებ შეთანხმება და ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ ორიოდე კვირის წინ დაამტკიცა.

ჩვენ კარგად გვესმის რეფორმების მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის. ჩვენთვის რეფორმების მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევქმნათ საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების სტანდარტი, იმისთვის, რომ მათი უფლებები და ღირსება იყოს უკეთ დაცული და ქვეყანას ღირსეული ადგილი ეკავოს დემოკრატიულ სამყაროში. სწორედ ასეთი რეფორმების გზით, უნდა გახდეს საქართველო სრულად თავსებადი ევროკავშირთან და მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მიზნის მისაღწევად რეფორმებთან ერთად, ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება. ეს არის ურთულესი გამოწვევა, რის წინაშეც ქვეყანა დგას და რასაც მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონში შექმნილი ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება“, - განაცხადა სხდომის თანათავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ წარმოებულ გაუმართლებელ ომზე ისაუბრა, რომელიც საფრთხეს უქმნის მთლიანად დემოკრატიულ სამყაროს.

საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის უთანასწორო ბრძოლა და საკუთარი ღირსების და დამოუკიდებლობის დაცვა. შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოს ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობა უფრო მეტად ცხადია. გარდა იმისა, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად ჩვენი კანონმდებლობა და სახელმწიფო სისტემა უნდა დავუახლოოთ ევროკავშირს, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ევროკავშირთან დაკავშირების მეტი გზების შექმნაზე, ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე, მეტ ეკონომიკურ კავშირებზე. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა გამოწვევებთან ერთად მთელ რიგ შესაძლებლობებსაც იძლევა საქართველოსთვის, რაც ასევე, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, შავი ზღვა უნდა იყოს არა გამყოფი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, არამედ, შესაძლებლობების ზღვა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან მეტი ფიზიკური დაკავშირების შესაძლებლობას გაუჩენს.

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„მიმდინარე წლის ივლისში ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას. გუშინ საქართველომ გააკეთა განაცხადი ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანების თაობაზე. გასული ექვსი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შესაბამისი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, იმისათვის, რომ ეს განაცხადი ყოფილიყო სოლიდური და საქართველოს საბანკო სისტემა უახლოეს მომავალში გახდეს ერთიანი ევროგადახდის სივრცის ნაწილი. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას. წინ კიდევ მრავალი შესაძლებლობაა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს. იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი იყოს წარმატებული, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ძალისხმევა და ის გეოპოლიტიკური გამოწვევები, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, სწორად იქნება შეფასებული და საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და დაიწყებს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს ჩამობრძანებისთვის და კომიტეტს ნაყოფიერი და კონსტრუქციული მუშაობა უსურვა.

big_banner
არქივი