logo_geo
პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი 89 ხმით დაუჭირა
- +

22 სექტემბერი. 2022. 14:09

 

პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი 89 ხმით დაუჭირა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა შეიძლება დაედოს, თუ: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ; ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების არსებობა.

თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ ან გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ, ამ შემთხვევებში, ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს აუკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, ქონებით სარგებლობაც აეკრძალება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა სამ ეტაპად დაედება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა იქნება 12 თვე. ასევე, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შესაბამისი პროცედურები, ქონებაზე ყადაღის დადება ხუთ ეტაპად განხორციელდება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა, ასევე, 12 თვე იქნება. ყოველ შემდეგ ეტაპზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდების მხარე მიმართავს.

უფრაქციო დეპუტატის, შალვა შავგულიძის შეფასებით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტი, კორექტირების შედეგად, კიდევ უფრო გაუარესებულია საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვის თვალსაზრისით.

პირველი მოსმენისას წარმოდგენილ ვარიანტში ის მაინც იყო აღნიშნული, რომ უნდა ყოფილიყო ყადაღის დადების დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული და, ასევე, დასაბუთებული ვარაუდი უნდა ყოფილიყო იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ემატება ამ მოთხოვნას - რა მიზანთან დაკავშირებითაც იყო დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყადაღის დადება საჭიროა: ახალი დანაშაულის აღსაკვეთად, დაზიანებისგან, განადგურებისგან, გასხვისებისგან დასაცავად.

ახალი რედაქციით, გამოდის, რომ მხოლოდ ის პირობა, რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ყადაღა დაედოს ისეთი კეთილსინდისიერი შემძენის ქონებას, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ უსაბუთდება ამ დანაშაულის ჩამდენთან ან ამ ქონების მიმართ ჩადენილ დანაშაულთან“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ქონებასთან მიმართებით ადამიანის უფლებების სტანდარტს აუმჯობესებს.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავეცნობით და შემდეგ ამ კანონპროექტს, მე მგონი ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ ეს კანონპროექტი უფლებების დაცვის სტანდარტს ყადაღასთან მიმართებით, სისხლის სამართლის პროცესში აუმჯობესებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

big_banner
არქივი