logo_geo
შალვა პაპუაშვილი: არ შეიძლება, სასამართლო რეფორმის მიზნები იყოს ის, რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც მოქალაქეების მხრიდან არ აქვს მიღებული უმრავლესობის მანდატი, შემოვლითი გზებით შეეცადოს ბერკეტების მიღებას ნებისმიერ ინსტიტუტში
- +

25 სექტემბერი. 2022. 23:11

 

 

„ვწუხვარ, რომ გამართლდა ჩემი სიტყვები, როცა ვამბობდი, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არანაირი სხვა ინტერესი სასამართლოს სისტემის გაუმჯობესების, გარდა ერთისა - გადაწყვეტილების ბერკეტის მიღება სასამართლოში, რათა გავლენა მოახდინონ დანიშვნებზე, სხვა გადაწყვეტილებებსა და სასამართლო ხელისუფლებაში მიიღონ გავლენა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, არ შეიძლება, ამ რეფორმის მიზნები იყოს ის, რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც მოქალაქეების მხრიდან არ აქვს მიღებული უმრავლესობის მანდატი, შემოვლითი გზებით შეეცადოს ბერკეტების მიღებას ნებისმიერ ინსტიტუტში.

 

„სასამართლო რეფორმაზე იყო მსჯელობა მაშინაც, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა 12 რეკომენდაცია. სხვადასხვა ფორმატში მითქვამს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი როცა აყენებს ძირეული რეფორმების საკითხს, იქნება დისკუსიები და საბოლოო ჯამში, ერთადერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიციის ეს ნაწილი დააყენებს, გახლავთ ე.წ. ორმაგი, ორი/მესამედი უმრავლესობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც რეალურად ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრს შეეძლება უმრავლესობის გადაწყვეტილების დაბლოკვა. სინამდვილეში, ოპოზიციის ამ ნაწილს არ აინტერესებს სასამართლოს რეფორმა, რომ ხარვეზები გამოვლინდეს, არამედ უნდათ გადაწყვეტილების ბერკეტის მიღება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მათი ინტერესია იქ რამდენიმე ადამიანის შეყვანა, რომლებიც შეძლებენ გადაწყვეტილებების დაბლოკვას, ან საკუთარი გადაწყვეტილების თავსმოხვევას. სამწუხაროდ, საკითხი აქამდე მივიდა. როცა მუშაობა დაიწყო, შევთავაზეთ, სიტყვიერად აზრების გაცვლისა და მუდმივად კლიშეების მიწებების ნაცვლად, აღეწერათ რეფორმები, რაც გატარდა და სად ვიმყოფებით, რა არის ხარვეზები, როგორ უნდა გამოსწორდეს. ეს მხოლოდ „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთეს.

 

როცა საქმე საქმეზე მიდგება და ვმსჯელობთ, რა გამოწვევები აქვს სასამართლოს და როგორ შეიძლება, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ, საბოლოო ჯამში, ყველა ეს დისკუსია დადის იმ საკითხამდე, რომელიც ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს აინტერესებს. ეს საკითხი იქამდე მიდის, რომ მათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტი ჰქონდეთ, რაც სცდება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაგებას და იმ მიზნებს, რაც რეფორმას უნდა ჰქონდეს.

 

არ შეიძლება, ამ რეფორმის მიზნები იყოს ის, რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც მოქალაქეების მხრიდან არ აქვს მიღებული უმრავლესობის მანდატი, ასეთი შემოვლითი გზებით შეეცადოს ბერკეტების მიღებას ნებისმიერ ინსტიტუტში, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების. ეს არის მექანიზმი, რომელიც უპრეცედენტოა იმ კუთხით, რომ იუსტიციის საბჭოს 15-კაციან შემადგენლობაში რამდენიმე წევრს შეეძლება უმრავლესობის გადაწყვეტილების დაბლოკვა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? სინამდვილეში, კვალიფიციური უმრავლესობის ან ორმაგი ორი/მესამედის წარმოჩენა ხდება ისე, თითქოს, ეს არის კონსენსუსის მიღწევის მექანიზმი, მაგრამ სინამდვილეში ეს გულისხმობს არა კონსენსუსის მიღწევას, არამედ არის მექანიზმი, უმცირესობამ დაიყოლიოს უმრავლესობა საკუთარ პოზიციაზე. ამას გვაჩვენებს არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო პრაქტიკა. ვწუხვარ, რომ გამართლდა ჩემი სიტყვები, როცა ვამბობდი, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არანაირი სხვა ინტერესი სასამართლოს სისტემის გაუმჯობესების, გარდა ერთისა - გადაწყვეტილების ბერკეტის მიღება სასამართლოში, რათა გავლენა მოახდინონ დანიშვნებზე, სხვა გადაწყვეტილებებსა და სასამართლო ხელისუფლებაში მიიღონ გავლენა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

 

 

big_banner
არქივი