logo_geo
რატი იონათამიშვილი ნინო ლომჯარიას: პოლიტიკური სუბიექტური პოზიციების გამო უხერხულობას უნდა გრძნობდეთ
- +

7 ოქტომბერი. 2022. 20:30

 

 

 

„ჩვენი ინტერესი არის, რომ სახალხო დამცველი და საქართველოს პარლამენტი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იყვნენ ერთმანეთის მოკავშირეები. როდესაც აქ ამ სტანდარტიდან გადახვევა ხდება, ვფიქრობ,  რეაგირება და აღნიშვნა, ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. სახალხო დამცველი უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს იცავდეს მიუკერძოებლობის და აპოლიტიკურობის სტანდარტს. მიუკერძოებლობაზე საუბრისას, თუ ჩვენი ამოცანა არის ქალთა უფლებების დაცვა, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს შერჩევითი“, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის 2021 წლის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიში მოისმინეს.

 

მან სახალხო დამცველს მიმართა და აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია მედიის დაცვაზე, ეს უნდა ხდებოდეს ყველა მედია საშუალების მიმართ და არა შერჩევით.

 

„ჩვენ სახალხო დამცველის მხრიდან, დღეს მოვისმინეთ, უმრავლესობის მიერ მედიის მიმართ დამოკიდებულებაზე განცხადება, მაგრამ მას არაფერი უხსენებია ოპოზიციის მხრიდან თუნდაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დამოკიდებულებაზე, როდესაც ისინი ტელევიზიას დახურვით ემუქრებოდნენ და ძალიან ბევრი ღირსების შემლახავი  გაცხადება კეთდებოდა ოპოზიციის მხრიდან მათ შორის, პირდაპირ ეთერში  საზოგადოებრივი მაუწყებლის თუ სხვა მაუწყებლების მიმართ. ამას  სახალხო დამცველი არ იმჩნევს. ერთგვარად, ეს არის  ორმაგი სტანდარტი, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

მისი თქმით, მმართველ გუნდს ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს კრიტიკისადმი მაგრამ პირველ რიგში, ის  უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის არგუმენტებს, რომელიც უნდა იყოს ობიექტური და რელევანტური.

 

„როდესაც სახალხო დამცველი აკეთებს განცხადებას პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე, ვინც არის ხალხის მიერ არჩეული ვფიქრობ, ეს არანაირად არ არის კრიტიკა. ეს არის პოლიტიკური შეფასება, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს კრიტიკასთან. თქვენ უხერხულობას უნდა გრძნობდეთ პოლიტიკური, სუბიექტური პოზიციების გამო“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი