logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ვითარება თვისობრივად განსხვავებულია იმისგან, რაც 10 წლის წინ იყო
- +

7 ოქტომბერი. 2022. 22:24

 

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, სახალხო დამცველის ანგარიშთან მიმართებაში არსებული განსხვავებული მოსაზრებები დისკუსიის საგანი უნდა იყოს და იგი პირდაპირ თავდასხმად არ უნდა აღიქმებოდეს.

 

„ვისაც იოტისოდენა წვლილი შეუტანია ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.  სახალხო დამცველის ინსტიტუტზე, როდესაც გვაქვს საუბარი, ისიც, რა თქმა უნდა, მადლობას იმსახურებს. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებები სახალხო დამცველთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც მაინც არ იყოს ისეთი, რომელიც არ მოგვწონდეს. თუმცა არის დიდი ნაწილი ისეთი საკითხებისა, რომელთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება გვაქვს, ვფიქრობ, რომ სამართლიანადაც და ეს უნდა იყოს დისკუსიის საგანი და არ არის ასეთი რიტორიკა მისაღები, როდესაც კრიტიკულ მოსაზრებას ეტყვი სახალხო დამცველს, ამას პირდაპირი თავდასხმის სახელს არქმევენ. და ამას პირველ რიგში, თავად სახალხო დამცველი აკეთებს და ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისი განცხადებით, ასეთი მიდგომა შეცდომაა  და კრიტიკა აუცილებელია განვითარებისთვის. „მე მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ როდესაც არსებობდა საჭიროებები, რომ რაღაც სიახლე ყოფილიყო შეტანილი სახალხო დამცველის საქმიანობაში, სამწუხაროდ სახალხო დამცველმა ეს ვერ შეძლო და ამ ხუთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად იგივე მოცემულობა გვაქვს, რაც იყო ხუთი წლის წინ. ეს რა თქმა უნდა, დასანანია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის მიერ ანგარიშში მოყვანილ მოსაზრებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებების კუთხით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საფუძვლიანი ცვლილებები არ იქნა განხორციელებული. აღნიშნული მოსაზრების საპასუხოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას ის ფაქტი, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების თითოეულ მიმართულებაში ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომლებიც საქართველოს თვისობრივად ახალ სიმაღლეებზე აყენებს და თვისობრივად სხვა პრობლემატიკაზე გვასაუბრებს. მისივე თქმით, 2012 წლამდე სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტის მიერ მხოლოდ ცნობად იყო ხოლმე მიღებული, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაჩნდა ისეთი ინსტრუმენტი და ინსტიტუტი, როგორიც არის სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების გაზიარება პარლამენტის მხრიდან და კონკრეტული უწყებების მიმართ მათი დავალებად გადაქცევა.

 

„ქართული ოცნების ხელისუფლება ნამდვილად არ არის ის ხელისუფლება, რომელსაც სახალხო დამცველის საქმიანობა აღიზიანებს. პირიქით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაშინ როდესაც 2012 წლამდე სახალხო დამცველის რეკომენდაციების მხოლოდ 10% სრულდებოდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 90%-ს გასცდა. ეს სერიოზული შრომის შედეგია და ეს არის ნათელი დადასტურება, რომ დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად სერიოზულად და საქმიანად აღიქვამს სახალხო დამცველის ინსტიტუციას. დიახ, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, პარლამენტისთვის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ორგანიზაცია სწორედ სახალხო დამცველის ოფისია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისივე თქმით, როდესაც სახალხო დამცველი პოლიტიკურად მიკერძოებული ხდება, ის არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვისაც უინტერესო ხდება და ამის დადასტურებაა დღეს ოპოზიციის მხრიდან არც თუ დიდი დაინტერესება სახალხო დამცველის ანგარიშის მიმართ.

 

„ჩვენი განწყობა კრიტიკისადმი არის კონსტრუქციული და გახსნილი. გვინდა, რომ სახალხო დამცველი რეალურად წარმოადგენდეს ადამიანის უფლებების დაცვის კლიმატის ნამდვილ ბარომეტრს, ეს არის მისი ფუნქცია. მაგრამ თუ კი ბარომეტრის ნაცვლად, ჩვენ პოლიტიკური მოვლენების უბრალო თერმომეტრი გვაქვს, ასეთ დროს, ბუნებრივია, ვერც ერთ შემთხვევაში ეს დადებით შეფასებას ვერ დაიმსახურებს.

 

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ვითარება თვისობრივად განსხვავებულია იმისგან, რაც 10 წლის წინ იყო. საქართველო მართლაც წინ არის ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.  ვუსურვებ საქართველოს, რომ ამ კუთხით წლიდან წლამდე იყოს სანიმუშო. ეს არის მთავარი, რითიც შეგვიძლია თავს ვიწონებდეთ თანამედროვე სამყაროში. ამისთვის კი აუცილებელია ხელისუფლებისთვის მთავარ ღირებულებას ადამიანი წარმოადგენდეს, როგორც ეს იყო უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და ეს ასეც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ ყველა ადამიანს, ვინც ადამიანის უფლებათა დაცვაზე მუშაობს და ამ თვალსაზრისით ყურადღების ცენტრში მაღალი მოლოდინებით სახალხო დამცველის ინსტიტუტია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

 

big_banner
არქივი