logo_geo
მიხეილ სარჯველაძემ „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრაში" მონაწილე პირებს სიტყვით მიმართა
- +

19 ნოემბერი. 2022. 01:29

 

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში ევროპული საქმისწარმოების შესახებ ("European Case Handling Workshop" (ECHW)) მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, შეხვედრაში ევროპის 26 ქვეყნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 50-ზე მეტი დელეგატი, დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

„მიმდინარე წლის ღონისძიება შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს, რომელთა შორისაა: მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების მიერ ინსპექტირების ჩატარების ეტაპები, მონაცემთა დაცვა სოციალურ მედიაში და გამონაკლისები ეროვნულ კანონმდებლობაში, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა, პერსონალური მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი და სხვა.

 

მიხეილ სარჯველაძე ღონისძიების ძირითად საკითხებს გამოეხმაურა და ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროს მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობაზე, მიმდინარე რეფორმებზე და პერსპექტივებზე, მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიმართულებით.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში პერსონალური მონაცემების დაცვის კულტურის ამაღლებასა და მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების როლს აღნიშნულის განხორციელებაში და ამ პროცესში საერთაშორისო ინტერაქტიული პლატფორმების მნიშვნელობას.

 

„ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრა" არის ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების მონაწილეობით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი