logo_geo
მამუკა მდინარაძე: გამოიკვეთა 10-მდე კანდიდატი, ვისაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე არც ჩვენ დავუჭერთ მხარს და არც ოპოზიცია
- +

25 ნოემბერი. 2022. 19:50

გვარებს ახლა არ დავასახელებთ, მაგრამ გამოიკვეთა ის კანდიდატები, ვისაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე არც ჩვენ დავუჭერთ მხარს და არც ოპოზიცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მოდით, ვიყოთ ოპტიმისტები - ეს იყო შეხვედრა, სადაც ოდნავ წინ წავიწიეთ. შევთანხმდით საერთო პრინციპებზე, კონსულტაციების გაგრძელებაზე. ულტიმატუმის ენით საუბარი დღეს არ ყოფილა. ვისაუბრეთ იმაზე, ვის არ აქვს თეორიული შანსი. დღეს არ გვქონდა იმის ილუზია, რომ ერთ კონკრეტულ კანდიდატზე შევთანხმდებოდით, თუმცა, მეორე მხრივ, ვიღაცების გამორიცხვით კანდიდატთა წრე შევიწროვდა. გვარებს ახლა არ დავასახელებთ, მაგრამ გამოიკვეთა ის კანდიდატები, ვისაც არც ჩვენ დავუჭერთ მხარს და არც ოპოზიცია. ორშაბათს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. ვიმედოვნებ, რომ გაჩნდა პატარა თეორიული შანსი, რომ იქნებ მართლაც შევძლოთ ყველამ ერთად კონცენტრირება ერთ კანდიდატზე. არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩამოყალიბება შემდეგ კვირაშივე მოვასწროთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ერთის გამოტოვებით, შემდეგ სასესიო კვირაში მოხდეს ეს. 10-მდე კანდიდატი გამოვრიცხეთ და საკმაოდ შევიწროვდა წრე მათი, ვინც დარჩა განსახილველ პირთა სიაში. არათუ შეთანხმება, მსჯელობაც კი არ გვქონია უმრავლესობაში კანდიდატების საკითხზე. თუ ვნახავთ, რომ ვიღაცასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს კონსენსუსისკენ სვლა, მასზე ვილაპარაკებთ. ახლა საქმის კურსში ჩავაყენებთ უმრავლესობას, თუ ვინ გამოვრიცხეთ და ვის არ აქვს თეორიული შანსიც კი“, - აცხადებს მდინარაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კი კონსულტაციებში მონაწილეობდნენ.

big_banner
არქივი