logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციას ვასრულებთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენში არსებული სხვადასხვა ანტიკორუფციული სახელმწიფო ინსტიტუციისა და რეგულაციის მაკოორდინირებელ ორგანოს ვქმნით
- +

28 ნოემბერი. 2022. 19:07

 

ევროკომისიის რეკომენდაციას ვასრულებთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენში არსებული სხვადასხვა ანტიკორუფციული სახელმწიფო ინსტიტუციისა და რეგულაციის მაკოორდინირებელ ორგანოს ვქმნით, რომელმაც სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოდ უნდა გაატაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ანტიკორუფციულ ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ექსტრემალურ ვითარებაში, ანტიკორუფციული სამსახური ყველა სახელმწიფო ინსტიტუციისგან ცალკეა გამოყოფილი, რადგან ქვეყანაში ისეთი დონის კორუფციაა და სახელმწიფო ინსტიტუტებიც ისე არიან პარალიზებული, რომ საგამოძიებო სტრუქტურები აღარ არსებობს.

„ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს-ხოლმე ექსტრემალურ გადაწყვეტილებას, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ავტონომიური ინსტიტუტი შექმნას. ასეთი რამ ჩვენ გვხვდება მხოლოდ ღრმა კორუფციით დაზიანებულ ერთეულ სახელმწიფოში. თუ ჩვენ ევროპული ქვეყნების პრაქტიკას განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებები ეს არის მრავალეტაპიანი, მრავალფეროვანი, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებები და პრევენციული მთელი რიგი ინსტიტუციები და მექანიზმებია. საქართველოში კი ეს სახელმწიფო ინსტიტუციები მოქმედებს, ფუნქციონირებს. სხვათა შორის, კომპეტენტური საერთაშორისო შემფასებლები, საქართველოს როგორც ანტიკორუფციული კუთხით მაღალი მაჩვენებლების ქვეყნად განიხილავენ. ამ რეიტინგით მსოფლიოში 41-ე ადგილზე ვართ, ამიტომ, ჩვენ ამ რეკომენდაციას ვასრულებთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენში არსებულ სხვადასხვა ანტიკორუფციულ სახელმწიფო ინსტიტუციისა და რეგულაციის მაკოორდინირებელ ორგანოს ვქმნით, რომელმაც კიდევ ერთხელ, სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოდ უნდა გაატაროს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულ კომიტეტში მხარი მესამე მოსმენით დღეს დაუჭირეს. ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას გააკონტროლებს. ამასთან, კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას. ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ხელმძღვანელს კი კონკურსის შედეგად პრემიერ-მინისტრი შეარჩევს. ევრო რეკომენდაციების მეოთხე პუნქტი ასევე ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რაც ამ სამსახურების გაძლიერებას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი