logo_geo
ირაკლი ბერაია: NATO და მისი მოკავშირეები საქართველოს განიხილავენ და ესაუბრებიან არა როგორც მხოლოდ სანდო პარტნიორს, არამედ როგორც ალიანსის მომავალ წევრ სახელმწიფოს
- +

29 ნოემბერი. 2022. 14:59

 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბუქარესტში მიმდინარე NATO-ს მინისტერიალის შესახებ განცხადება გააკეთა, სადაც მისი შეფასებით, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილება.

 

„NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მინისტერიალის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუქარესტში გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები როგორც უკრაინის, ასევე, რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფი ალიანსის ღირებული პარტნიორის - საქართველოს მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენი მედეგობის და თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. მინისტერიალის ამგვარი დღის წესრიგი და მასში საქართველოს მონაწილეობა, რომელსაც წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, ადასტურებს გააზრებულ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს და NATO-ს მოკავშირეებისთვის ჩვენი ქვეყნის მზარდ მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას.  ეს მკაფიოდ მიუთითებს, რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაურესების საპასუხოდ, საქართველოს მიმართ მეტი ყურადღების და მეტი რესურსების კონცენტრაციაზე, მეტ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და იმაზე, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არ მიღება საქართველოს ჩართულობის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

 

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით,  საქართველოს საკითხი სოლიდურ ადგილს იკავებდა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში, სადაც ალიანსის 30-მა სახელწიფომ რეზოლუციებით დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, NATO-ს ღია კარის პოლიტიკის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.

 

„სესიის ფარგლებში,  NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან და წევრი სახელწიფოების დელეგაციებთან გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე, ჩვენმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ  შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და რომ ურყევია ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მათი მხარდაჭერა.

 

NATO და მისი მოკავშირეები საქართველოს განიხილავენ და ესაუბრებიან არა როგორც მხოლოდ სანდო პარტნიორს, არამედ როგორც ალიანსის მომავალ წევრ-სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც. NATO-საქართველოს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისე დინამიური და შინაარსობრივი, ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ისე წინ წაწეული, როგორც დღეს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

მისივე თქმით, საქართველო  ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების წინა ხაზზე იმყოფება და საკვანძო როლს ასრულებს რეგიონში რუსეთის და რუსული გავლენების შეკავებაში. 

 

„იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აწარმოებს კონვენციურ და ჰიბრიდულ ომს რეგიონში, როდესაც ალიანსი ახორციელებს ისტორიაში უპრეცენდენტო მასშტაბის ძალთა სტრუქტურის და განლაგების ადაპტაციას, როდესაც NATO-ს ევროპელი მოკავშირეები მიისწრაფვიან ენერგო რესურსების და ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიკაციისკენ, როდესაც ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, კიდევ უფრო იზრდება საქართველოს მნიშვნელობა და მისი NATO-ში გაწევრიანების საჭიროება. საქართველო, თავის მხრივ, მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგელობის აღებისთვის. შესაბამისად, აუცილებელია ცალკეული მოკავშირეების გეოპოლიტიკური გამოფხიზლება და ჩვენი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის გადაწყვეტილების დაჩქარება.  NATO-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და ქართული საზოგადოების ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

big_banner
არქივი