logo_geo
არჩილ თალაკვაძე: რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენი კანონი გადაწერა და დაამატა მხოლოდ ორი პუნქტი, რითაც საკუთარ რიგებში პოტენციურ ოლიგარქებს იცავს
- +

29 ნოემბერი. 2022. 18:40

 

 

რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენი კანონი გადაწერა და დაამატა მხოლოდ ორი პუნქტი, რითაც საკუთარ რიგებში პოტენციურ ოლიგარქებს იცავენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„როდესაც ჩვენ გავარკვიეთ, რომ საქართველო დროულად მიიღებს დასკვნას ვენეციის კომისიისგან კანონპროექტის შესახებ, გავაკეთეთ ის, რასაც ვამბობდით, რომ ჩვენთვის პრობლემა არ იყო კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნა და გავაგზავნეთ კიდეც.

 

რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენი კანონი გადაწერა და დაამატა მხოლოდ ორი პუნქტი, რითაც საკუთარ რიგებში პოტენციურ ოლიგარქებს იცავს. ისინი მიხვდნენ, რომ სინამდვილეში ჩვენს და საქართველოს კი არა, მათ ინტერესებში არ შედის, რომ ეს კანონი იყოს მიღებული. სწორედ მაშინ დაიწყეს ეს კამპანია, თუმცა, ჩვენ მათ არ მივცემთ სპეკულაციების საშუალებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ შეასრულოს ევროკავშირში ინტეგრაციის პირობები. ჩვენ გვესმის, რომ ვართ ხელისუფლება და არ ვაპირებთ დრო დავკარგოთ მათ სპეკულაციებზე.

 

წინასწარ ვერ ვიტყვი თუ რა დასკვნას მოამზადებს კომისია, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ხელისუფლების მხარეს არანაირი პრობლემა არ იყო. ოპოზიცია თავდაპირველად ცდილობდა, რომ ორსიტყვიანი კანონი მიეღოთ, სადაც კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ჩაიწერებოდა და კანონის ტექსტი არ აინტერესებდა. ეს იმიტომ, რომ მათ ამ წლების განმავლობაში ამოძრავებთ პოლიტიკური შურისძიება, მათ არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი, არ აინტერესებთ საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესები. როგორც კი დაინახეს, რომ თავიანთ მხარეს გაჩნდა პრობლემა და მათ პოტენციურ ოლიგარქებს შეეხო ეს პრობლემა, მაშინვე ატეხეს ერთი ამბავი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

„ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა და პოზიტიურად შეაფასა.

 

 

big_banner
არქივი