logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანია გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას. საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსი
- +

30 ნოემბერი. 2022. 19:55

 

ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს გერმანიასთან და გერმანია არის ის ქვეყანა, ევროკავშირის დიდი ქვეყნებიდან, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რა ხდება საქართველოში, როგორია ჩვენი სისტემა, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა ქვეყანამ როგორც ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე სამართალშემოქმედების კუთხით. ამიტომ ამ მხრივ საკმაოდ ცალსახა იყო მათი პოზიცია, რომ ისინი გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას“, -ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბერლინში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ორმხრივ შეხვედრებზე, რომელსაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გერმანიის დედაქალაქში მართავს, საუბარი 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობას და კანდიდატის სტატუსს შეეხებოდა. გერმანული მხარე დაინტერესდა იმ პროგრესით, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს.

ჩვენ გვქონდა შეხვედრები ბუნდესთაგისპრეზიდენტთან, ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ასევე კომიტეტის წევრებთან, ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, იყო 12 პუნქტის შესრულება და კანდიდატის სტატუსი.

გერმანული მხარე დაინტერესდა იმ პროგრესით, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით, ჩვენ მივაწოდეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია და ვთხოვეთ, რომ გერმანია უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რაზეც მივიღეთ დადებითი პასუხი.

ასევე ძალიან საინტერესო იყო ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, რომ ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს და ამაში ის გულისხმობს როგორც ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში უფრო სწრაფ წევრობას, ასევე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის უფრო სწრაფ წევრობას. ნიშანდობლივი იყო ასევე ბუნდესთაგის პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიამ გაითავისა ის გაკვეთილები , რომელიც რუსეთის აგრესიამ ეხლა უკვე უკრაინაშიც წარმოშვა. შესაბამისად, ისინი სრულიად სხვანაირად უყურებენ ვითარებას და თვლიან, რომ ევროკავშირის გაფართოებას უკვე ალტერნატივა აღარ აქვს და საქართველო რა თქმა უნდა არის უკვე ამ გაფართოების კალათაში, შესაბამისად საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსი“,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

big_banner
არქივი