logo_geo
„ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას უერთდება
- +

30 ნოემბერი. 2022. 21:12

 

„ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაციის წევრები ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარს ესტუმრნენ. საბჭოს წევრებმა კრიზისულ ცენტრში არსებული გარემო დაათვალიერეს და სახელმწიფოს მიერ, მათთვის შეთავაზებულ სერვისებს გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავშესაფარში, რომელიც დღისა და ღამის ცენტრებს მოიცავს, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დაზარალებულმა ქალებმა თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ.

ამის გარდა, სახელმწიფო მათ რეაბილიტაციისათვის საჭირო სხვადასხვა სერვისს სთავაზობს: ფსიქო-სოციალური მომსახურება, სამედიცინო სერვისი, სამართლებრივი მომსახურება, თარჯიმნის მომსახურება, მათზე და მათ მინდობილ პირებზე ზრუნვა.

საქართველოს მასშტაბით, ამჟამად, სულ ხუთი კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებს, რომელთა რაოდენობის ზრდაზე აქტიურად მუშაობს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე, 2020 წლიდან ფუნქციონირებს.
თბილისის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე რიმა ბერაძის თქმით, ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი საჭიროებები, თითოეული ჩვენგანის ზრუნვის საგანი ყოველდღიურად უნდა იყოს.

მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული დახმარებისა, საზოგადოების წინაშე, ჯერ კიდევ დგას სტერეოტიპებთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად უნდა ებრძოლოს.

„დღეს, თბილისის ქალთა ორგანიზაციის წევრები დედაქალაქში არსებულ კრიზისულ ცენტრს ვესტუმრეთ, რომელიც იფარებს, იცავს და ეხმარება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ეხმარება მათ რეაბილიტაციის პროცესში. დღისა და ღამის ცენტრში მართლაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ქალებმა მოახერხონ ძალადობრივი ცხოვრებისგან თავის დაღწევა და გაძლიერდნენ.
ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება კამპანიის ფარგლებს გარეთაც, ვინაიდან მათ საჭიროებებზე ფიქრი ჩვენი ყოველდღიურობა უნდა იყოს. თბილისის ქალთა საბჭო მუდამ მზადაა მათ დასახმარებლად“ - განაცხადა თბილისის საბჭოს თავმჯდომარე რიმა ბერაძემ.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები და თბილისის ქალთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

big_banner
არქივი