logo_geo
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
- +

30 ნოემბერი. 2022. 21:41

 

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. კერძოდ, მედიკამენტზე დაწესდება ფასის ზედა ზღვარი, რის მიღმაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებული იქნება. შემოთავაზებული კანონპროექტით იცვლება სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში, რაც ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტიან ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მუხლობრივად წარადგინა ის ცვლილებები, რაც პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით აისახა პროექტში.

ასევე მუხლობრივად განიხილეს თანმდევი კანონპროექტები „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

განხილვაში მონაწილეობდნენ ფარმაცევტული ასოციაციის წარმომადგენლები.

სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციას ითვალისწინებს.

კანონპროექტი კომიტეტზე მეორე მოსმენით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ წარადგინა.

მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდის საკითხი ყოველწლიურად დამოკიდებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მომზადებისას არსებულ ფისკალურ პარამეტრებზე და არ არსებობდა რაიმე ცხადი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფდა სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდას. შემოთავაზებული ცვლილება კი საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს შშმ პირებისათვის სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდას.

კანონპროეტით შშმ სტატუსის მქონე პირებისათვის სოციალური დახმარების გაანგარიშების წესი განისაზღვრება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს.

big_banner
არქივი