logo_geo
რატი იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“: ინკლუზიური განათლება საქართველოში 2007 - 2012 წლებში ვითარდებოდა არა ეროვნული, ადგილობრივი ხელისუფლების, არამედ ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერით
- +

1 დეკემბერი. 2022. 22:42

 

ჩვენ არ გვიყვარს წარსულზე საუბარი, ვინაიდან მომავალზე, პროგრესზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ როდესაც თქვენ სვამთ კითხვას „რა გაკეთდა“, ნამდვილად შეგახსენებთ იმ ცვლილებებს, რომლებიც არის 2013 წლიდან დღემდე და არა მგონია ეს ცვლილებები თქვენ ძალიან გაგიხარდეთ. 2007 წლიდან ფაქტობრივად ჩართული ვარ ინკლუზიური განათლების განვითარებაში, მაგრამ 2007 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ინკლუზიური განათლება საქართველოში ვითარდებოდა არა ეროვნული ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების, არამედ ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერით. თუ დავსვამთ კითხვას, რამდენი ლარი იყო ბიუჯეტი ინკლუზიური განათლების სახელმწიფოს მხრიდან 2013 წლამდე, გიპასუხებთ - იყო ნული. მაგალითისთვის, რამდენი სკოლის ადაპტირება მოხდა 2013 წლამდე? ამისი პასუხიც არის ნული და ეს ნული სწორედაც რომ შშმ პირებისადმი თქვენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს“, - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენა გაიმართა.

რატი იონათამიშვილის თქმით, სრულიად განსხვავებულია დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებაზე და საზოგადოებაში მათ ადაპტაციაზე. მისი ინფორმაციით ამის დასტურია პრემიერ-მინისტრის გზავნილები - მომდევნო წლის ბიუჯეტში ასახულია, რომ იწყება 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია, 800-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია და თითოეული ეს პროექტი ხორციელდება მისაწვდომობის ახალი ეროვნული სტანდარტის შესაბამისად.

თქვენ დროს მისაწვდომობისსტანდარტებიც არ არსებობდა და იმას რასაც აკეთებდით, დღეს გადასაკეთებელია იმიტომ, რომ არცერთი შენობა, რასაც თქვენ აკეთებდით მაშინ საჯარო სივრცეში, ადაპტირებული არ იყო, თუნდაც სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირებისათვის. დღეს თითოეული ეს პროექტი იქნება უნივერსალური დიზაინის პრინციპებით უზრუნველყოფილი და ეს არის უმნიშვნელოვანესი. საკანონმდებლო სივრცესაც გადავხედოთ. არ არსებობდა სპეციალური პედაგოგის განმარტება, ისეთი ელემენტარული ტერმინებისაც კი, რაც არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ასევე მულტიდისციპლინარულიჯგუფი. დღეს უკვე სპეცპედაგოგისპროფესია არის დაფასებული და სამინისტროს ხელშეწყობით ეს პროფესია ვითარდება, ინკლუზიური განათლების განმარტებაც კი დისკრიმინაციული იყო და არ მოდიოდა შესაბამისობაში კონვენციასთან. ასე, რომ როდესაც თქვენ იტყვით რა გაკეთდა, ამაზე ძალიან მტკივნეულ პასუხს მიიღებთ. ცხადია, ჩვენ გვესმის, რომ არსებობს გამოწვევები, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი და ამაზე ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ორიენტირებული“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

big_banner
არქივი