საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ამოცანაა, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს. მისივე თქმით, ამავდროულად უნდა იყოს აღკვეთილი პატიმარზე ძალადობრივი ზემოქმედების რისკი.
„დღეს ხელისუფლების ამოცანა გახლავთ, რომ რეალურად დაცული იყოს ბატონი სააკაშვილის, როგორც პატიმრის უსაფრთხოება ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებებიც და ამავდროულად, მასზე ძალადობრივი ზემოქმედების რისკებიც იყოს აღკვეთილი. ეს არის ამოცანა, რომელიც ამ წუთას დგას სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალა“ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მიხეილ სააკაშვილი პატრონებს ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ ყველაფერს მოჰყვება, არამედ შესაბამის მტკიცებულებებსაც გაასაჯაროებს. იგივე ეხება რევოლუციის მოსაწყობად სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციასაც, რაზეც ის პატრონებს ასევე მტკიცებულებების დადებით ემუქრება“.