logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ბატონი კასიანოვი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მგონი, ჩვენგან დასჭირდება დაცვა საკუთარი მოქალაქეებისგან
- +

25 იანვარი. 2023. 14:28

 

 

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ბატონი კასიანოვი გარკვეული პროვოკაციების მონაწილეა“, - ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

 

მისივე თქმით, კასიანოვი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების პროვოკაციაში ჩართვა ვერ შეძლო, „ახლა უკრაინის მოქალაქეებს მიადგა“.

 

საქართველოში უკრაინის ათობით ათასი მოქალაქეა. რამდენიმე თვის წინ, ბატონი კასიანოვი თავად ამბობდა, რომ უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ძალიან კარგ პირობებში არიან. ბატონ კასიანოვს, რომელმაც მოქალაქეების რაღაც ევაკუაციაზე დაიწყო საუბარი, მინდა, ვუთხრა, რომ გეოგრაფიულად, ევროპის ტერიტორიებს გადახედოს - ევროპის სახელმწიფოებში უკრაინისა და რუსეთის მილიონობით მოქალაქე ცხოვრობს და ეს მოქალაქეები თუ ევროპაში არ ჩხუბობენ, რატომ უნდა კასიანოვს, რომ მათ საქართველოში იჩხუბონ? ჩვენთვის ამის მიზეზი გასაგებია - ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ის გარკვეული პროვოკაციების მონაწილეა, საქართველოს მოქალაქეებთან არაფერი გამოუვიდა და ახლა თავის მოქალაქეებს მიადგა. საქართველოს მოქალაქეები პროვოკაციაში ვერ ჩაითრია და ახლა სურს, რომ უკრაინის მოქალაქეებს გადაადგმევინოს ეს ნაბიჯი, რათა აქ როგორმე არეულობა მოხდეს. სულ ტყუილად ცდილობს ამას. მგონი, თავადაც დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება. დიპლომატი, რომელიც იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ იმ სახელმწიფოში, სადაც წარმოდგენილია, ნორმალური ურთიერთობები იყოს (მათ შორის - საკუთარი მოქალაქეების), პირიქით იქცევა. საბედნიეროდ, არც რუსეთის, არც უკრაინისა და არც საქართველოს მოქალაქეების კონფლიქტის არცერთი ფაქტი არ არსებობს, გამოდის და რაღაც კონფლიქტებსა და ევაკუაციაზე საუბრობს. მაინტერესებს, სად წაიყვანს ევაკუაციით ევროპაში წასულ მილიონობით უკრაინელს? ვიდრე საკუთარი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გამხდარა, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს. ასევე, განმარტოს დღემდე პასუხგაუცემელი საკითხი: რატომაა საქართველოდან ელჩი გაწვეული და ბელარუსიდან, რომელიც რუსეთის მოკავშირეა უკრაინასთან ბრძოლაში, ელჩი არ გაუწვევიათ“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

 

 

big_banner
არქივი