logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
- +

31 იანვარი. 2023. 17:01

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა ფინანსთა სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელ გეგმებსა და ძირითად მიმართულებებზე.

 

საუბარი შეეხო „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“-ის იმპლემენტაციის დინამიკას.

 

ფინანსთა მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია 2023 წლის მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე.

 

აღინიშნა, რომ 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს,  ასევე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა.

 

როგორც ცნობილია, 2023 წლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები შეადგენს 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი - 80 მლრდ ლარამდე.

 

მომდევნო წლებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5 პროცენტზეა შენარჩუნებული, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3 პროცენტია. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, 2023 წელს პროგნოზირებული 79,7 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის იზრდება 101,2 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე - არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი 8000 დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის - 10 000 დოლარს გადააჭარბებს.

 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის  პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში 2022-2027 წლებში საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და 5.8%-ს გაუტოლდება.

 

სამუშაო თათბირზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 3-წლიანი პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც ქვეყნის რეფორმების მხარდაჭერისკენ არის მიმართული. რეფორმებს შორისაა:

 

   სახელმწიფო საწარმოების რეფორმა;

 

   სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა;

 

   საგადასახადო დანახარჯების ანალიზი და ოპტიმიზაცია.

 

როგორც აღინიშნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდი ფისკალური რეფორმაა. უკვე დამტკიცებულია რეფორმის სტრატეგია და მუშავდება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები. პარალელურად, აქტიურად გაგრძელდება რეფორმის პროცესი საპილოტე საწარმოებში. საპილოტე საწარმოებად ელექტროსისტემის გარდა განისაზღვრა:

 

   საქართველოს რკინიგზა;

 

   გაზის ტრანსპორტირების კომპანია;

 

   აეროპორტების გაერთიანება.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. როგორც ცნობილია, სულ ახლახან, სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა. პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა:

 

   მთავრობის ვალის შემცირება;

 

   ფისკალური დეფიციტის კლება;

 

   საერთაშორისო რეზერვების შევსება.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველომ გააუმჯობესა ვალის მშპ-სთან მიმართებით მაჩვენებელი 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. 2022 წელს ვალის მაჩვენებელმა მშპ-სთან მიმართებით შეადგინა 39.6%, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 40.4%-ს შეადგენა.

 

ეს თავის მხრივ, აისახა მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ისეთი საგარეო მოწყვლადობების შემცირებაში, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია.

 

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის შეფასებით, ამ ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება რეიტინგის BB+ დონეზე გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.

 

როგორც წინა შეფასებებისას, სააგენტო რეიტინგის ძლიერ მხარეებად მიიჩნევს:

 

   ეკონომიკური მმართველობის მაღალ ხარისხს;

 

   სტაბილურ, სანდო მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკას.

 

მნიშვნელოვანია, რომ ნარჩუნდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და დოლარიზაციის შემცირების ტრენდი, რაც მომავალშიც დაეხმარება საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო შეფასებებზე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“ ელის რეიტინგის გაუმჯობესებას, რითაც ქვეყანას უკვე ერთი ნაბიჯი დარჩება საინვესტიციო რეიტინგამდე.

 

პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია სახელმწიფო ინვესტიციების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ღონისძიებებზე. სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის განახლებაზე, რომელშიც დაზუსტდება კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რომელ პროექტებზე იქნება სავალდებულო წინასწარი შეფასების განხორციელება.

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც შეხვედრაზე ყურადღება  გამახვილდა ესაა საგადასახადო შეღავათების (დანახარჯების) ანალიზი/ოპტიმიზაცია. აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდის დახმარებით, მიმდინარე წლიდან იგეგმება მსხვილი საგადასახადო შეღავათების ხარჯთ-სარგებლიანობის შესწავლა.

 

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ფინანსთა სამინისტროს 2023 წლის სხვა გეგმები:

 

   2023 წლის 2-5 მაისს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში საქართველო წარდგება, როგორც 2024 წლისთვის აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა;

 

   2023 წელს შემუშავდება საჯარო ერთეულებად კლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ხაზინის მომსახურებაზე ეტაპობრივად (2026 წლიდან სრულად) გადმოყვანის სამოქმედო გეგმა, ხოლო საჯარო სკოლების მომზადება 2024 წლის ხაზინის ერთიან ანგარიშთა სისტემის მომსახურებაზე გადმოსასვლელად;

 

   დამტკიცდება საჯარო ფინანსების მართვის ახალი საშუალოვადიანი სტრატეგია;

 

   დამტკიცდება ვალის მართვის განახლებული სტრატეგია;

 

   მუშაობა გაგრძელდება მუნიციპალიტეტების საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფაზე, მათ შორის, ფისკალური დეცენტრალიზაციის პრინციპების გათვალისწინებით;

 

   გაგრძელდება IPSAS პრინციპებზე დაფუძნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სრულყოფაზე მუშაობა.

 

სამუშაო თათბირზე მთავრობის მეთაურმა ფინანსთა მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.

 

 

big_banner
არქივი