logo_geo
შალვა პაპუაშვილი: მჯერა, როგორც ე.წ. გაყალბებული არჩევნების და უკრაინის მიმართ ე.წ. არასოლიდარობის პროპაგანდა ჩაიფუშა, გავა დრო და ხანი და ჩვენი საზოგადოება ფაქტებით, დაფიქრებით ყველაფერს უპასუხებს
- +

9 მარტი. 2023. 19:20

 


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ის მოვლენები, რომელიც მოჰყვა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს, ყალბი ნარატივითაა გამოწვეული და რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, ამას საზოგადოება მიხვდება, ისევე, როგორც მიხვდა, რომ 2020 წლის არჩევნები არ გაყალბებულა და საქართველოც ყველაზე მეტად სოლიდარულია უკრაინის მიმართ სხვა ქვეყნებს შორის.

როდესაც ადამიანს შეიძლება ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკითხის მიმართ, გასაგებია. საკითხი არის იმაში, თვითონ ეს თემა რამდენად სწორად, თუ გამრუდებულად იქნა მიწოდებული. გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნები. მაშინაც იყვნენ აღშფოთებული მოქალაქეები, ე.წ. გაყალბებული არჩევნების გამო. ხომ გავიდა დრო და ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო აბსოლუტური ტყუილი, იყო შექმნილი წინასწარ ყალბი ნარატივი, რომელიც გამყარებული იყო ყალბი პარალელური დათვლის შედეგებით, მათ შორის ყალბი ინფორმაციების შემცველი განცხადებებით. გავიდა დრო, გავიდა ხანი და ამ აღქმებს აჯობა საბოლოო ჯამში ფაქტებმა. ასევე იყო უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხზე. მაშინაც იყვნენ აღშფოთებული მოქალაქეები. მაშინაც მიაწოდეს მათ თემა ისე, თითქოს საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებ სოლიდარობას იჩენდა უკრაინის მიმართ. გავიდა დრო და ხანი და ამ აღქმებს, რომელიც ჩამოაყალიბეს პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით, აჯობა ფაქტებმა და ყველამ დაინახა, რომ საქართველო, ყველა იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც საქართველოა, ყველაზე დიდ სოლიდარობას იჩენს სხვა ქვეყნებთან შედარებით. ქვეყანა, რომელსაც არ იცავს ნატო-ს ჯარისკაცი, ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ევროკავშირისგან ეკონომიკური სოლიდარობის მოლოდინი, როგორც ვალდებულების და მიუხედავად ამისა ბოლომდე სოლიდარული ვართ და მათ შორის ბოლო რეზოლუციის თანაავტორებიც ვართ გაერო-ში. ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდება. დარწმუნებული ვარ იმ აღქმებს, რომელიც ასეთი ყალბი ნარატივით შექმნეს, და გადაახვიეთ უკან, როგორ მოხდა ჯერ კიდევ დაუწერელი პროექტის დაბრენდვა როგორც რუსული კანონი. შეხედეთ ვინ იყო ავტორები, გამავრცელებლები, საიდან მოდიოდა. „რუსული კანონი“ - ზოგადად ეს რომ თუნდაც ოპოზიციამ აკადრა საკუთარ ქვეყანას, რომ პარლამენტის ინიცირებულ პროექტს ეძახის ოკუპანტის სახელს, ეს არის არასწორი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებობს თემები, რომელიც ქართველი ადამიანისთვის ძალიან მგრძნობიარეა.

არის თემები, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია ქართველი ადამიანისთვის, რაზეც ადვილია თამაში. პატრიოტიზმი და რუსეთის, როგორც ოკუპანტის თემა, ის თემებია, სადაც შეიძლება ადვილი გახდეს ძლიერი პროპაგანდის ჩართულობის შემთხვევაში, ადამიანი აღქმებს დაუქვემდებარო. მე მთავარი რამის მჯერა - როგორც ე.წ. გაყალბებული არჩევნების პროპაგანდა და უკრაინის მიმართ ე.წ. არასოლიდარობის პროპაგანდა ჩაიფუშა, გავა დრო და ხანი და ჩვენი საზოგადოება, რომელიც ყოველ ჯერზე თავის სიბრძნეს აჩვენებს, ფაქტებით, დაფიქრებით ამას ყველაფერს უპასუხებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

big_banner
არქივი