logo_geo
მამუკა მდინარაძემ განმარტა, რატომ ჩაინიშნა პარლამენტში ხვალ პლენარული სხდომა
- +

9 მარტი. 2023. 23:25

"მომდევნო სასესიო კვირამდე ამ საკითხის განხილვა შეუძლებელია, ერთადერთი შანსი იყო, თუ პრეზიდენტი ჩანიშნავდა რიგგარეშე სხდომას, მაგრამ პრაქტიკაში ჩნდებოდა იმის საფრთხე, რომ კიდევ ვიღაცას საზოგადოებისთვის ახალი ტყუილი შეეთავაზებინა გადავადებასთან დაკავშირებით,"- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურებზე საუბრისას განაცხადა.

„ასეთი იურიდიული გადაწყვეტა მოვიფიქრეთ ამ ყველაფრის გამოსარიცხად: კომიტეტი ვერ ტარდება სასესიო კვირაში, მაგრამ ამ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უკვე მიმართეს კანონპროექტის ინიციატორებმა პარლამენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ განხილვაზეც უარს ამბობენ, ასეთი იურიდიული გადაწყვეტა მოვიფიქრეთ: იურიდიულმა კომიტეტმა მიიწერა, რომ არ განვიხილავთ საერთოდ ამ კანონს, რადგან ავტორები განხილვის წინააღმდეგები არიან და ვინაიდან კომიტეტის ჩატარება არ არის საჭირო, პირდაპირ ბიუროს წარედგინება ეს საკითხი და ბიუროს შეუძლია გაიტანოს პლენარულ სხდომაზე, ამან გააჩინა იურიდიული საშუალება, რომ ამავე კვირაში ჩვენ ჩავატაროთ პლენარული სხდომა და ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამოვაცხადეთ, უკვე რეალიზებული იყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

big_banner
არქივი