logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ „ნაცმოძრაობას“ პროცესების ხელში აღება, რევოლუცია და სააკაშვილის გამოშვება სურდა - რაც დრო გავა, საზოგადოება მიხვდება, რა საჭირო იყო ამ კანონპროექტის მიღება, რომელმაც ნაწილობრივ უკვე შეასრულა თავისი მისია
- +

10 მარტი. 2023. 23:42

 

ამ კანონპროექტმა თავისი მიზანი შეასრულა ნაწილობრივ - როგორც კი განხილვა დავიწყეთ, ხალხმა დაინახა, ვის ეტკინა ეს კანონპროექტი, ვის აქვს რაღაცები დასამალი, ვის აქვს არასასურველი მიზნები და აქედან გამომდინარეობდა სწორედ ის მოთხოვნები, რომ არ დაგვეწყო განხილვა“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი იყო რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში და სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად გახდა საჭირო იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც „ხალხის ძალამ“ მმართველ გუნდთან ერთად მიიღო.

მათ, ვისაც ეს კანონპროექტი არ წაუკითხავს, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ის არასამეწარმეო იურიდიული პირების, მათ შორის არასამთავრობო სექტორის მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ გამჭვირვალობას ემსახურებოდა, რაც, ამ კანონპროექტმა, პრაქტიკულად, უკვე უზრუნველყო - ამ ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებამ პრაქტიკულად დაინახა, დაახლოებით, ვინ საიდან ფინანსდება და ვის რა განზრახვები აქვს.  „ხალხის ძალას“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კონსულტაციები გვქონდა და [კანონპროექტის გაწვევის] გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ რეალურად დავინახეთ, რადიკალებს სურდათ, რომ იმ ახალგაზრდების ნაწილი,  რომლებიც გულწრფელად აპროტესტებდნენ, გამოეყენებინათ - პარლამენტიდან გადანაცვლება და პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლებაც მოითხოვეს. ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ეს პროცესები ხელში აეღო, რევოლუცია მოეწყო და სააკაშვილი გამოეშვა.

სწორედ ეს იყო ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ „ხალხის ძალამ“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კანონის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს გადაწყვეტილება, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება, არასახარბიელო იყო, მაგრამ იმ მომენტში სწორი იყო, რადგან პროცესების არასწორი განვითარება ავიცილეთ თავიდან.  რაც დრო გავა, საზოგადოება მიხვდება, რა საჭირო იყო ამ კანონპროექტის მიღება, რომელმაც ნაწილობრივ უკვე შეასრულა თავისი მისია. ჩვენი, „ხალხის ძალის“ მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობაა. ამან ქვეყანა პრაქტიკულად მეორე ფრონტს აარიდა. საქართველოს ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილებები და ჩვენი, „ხალხის ძალის“ პოლიტიკა, რომ საზოგადოება სწორი ინფორმაციით ყოფილიყო შეიარაღებული. ამან გადაარჩინა ქვეყანა მეორე ფრონტს.  ეს კანონი უზრუნველყოფდა იმას, რომ საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო და სცოდნოდა, არასამთავრობო სექტორი საიდან ფინანსდება.

ისინი თუ კარგ საქმეს აკეთებენ და ამას საქართველოს მოქალაქეები გაიგებენ, მხოლოდ შეაქებენ. დონორმა კი რატომ უნდა შეწყვიტოს [მათი დაფინანსება], პირიქით, რომ გაიგებს, საქართველოს მოქალაქეები ამას მიესალმებიანო, დაფინანსებას უფრო დაამატებს. მაგრამ, თუ მოქალაქე გაიგებს იმას, რომ არასამთავრობო სექტორს რომელიმე უცხოური ძალა აფინანსებს, რომელიც რევოლუციას აწყობს, რომელიც ენერგოდამოუკიდებლობის საწინააღმდეგო აქციებს აორგანიზებს და ა.შ. მოქალაქე ინფორმირებული იქნება და ასეთი ტიპის არასამთავრობო სექტორს მხარდაჭერა აღარ ექნება. ამ კანონპროექტმა და მის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ის მაინც უზრუნველყო, რომ არასამთავრობო სექტორი აქ რევოლუციებს მარტივად ვეღარ მოახერხებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა „ხალხის ძალის“ მზადყოფნაზე, საჭიროებისამებრ, მსჯელობის საფუძველზე, შეეტანათ ცვლილებები კანონპროექტში და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამ პირობას არ დაეთანხმა.  

„ჯერ ერთი, მინდა, ვთქვა, რომ ნებისმიერ პროექტზე, ან ფორმაზე ჩვენ მზად ვიყავით და ვაცხადებდით, რომ  პირველი მოსმენის დროს პრინციპები იხილება, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს, თუ არა ეს პროცესი და მეორე მოსმენის დროს, რომლის დროსაც განიხილება დეტალები, ჩვენ მზად ვიყავით, ან კანონში ყოფილიყო შესწორებები, ან სხვა სახით წარდგენილიყო ეს პროექტი და დეტალებზე გვემსჯელა. მაგრამ თქვენც ნახეთ, რომ შინაარსში საერთოდ არ შემოდიოდნენ. რატომ? - იმიტომ, რომ შინაარსში რომ შემოსულიყვნენ, ვერაფერს დაინახავდნენ ისეთს, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ. რა უნდა ეთქვათ ხალხისთვის? რომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე, თუ საიდან ფინანსდება არასამთავრობო სექტორი? - ამას ვერ იტყოდნენ და ამიტომაც არ შედიოდნენ შინაარსში, ამიტომაც თქვეს, განხილვაც არ დაიწყოთ ამ კანონპროექტისო. რატომ? - რადგან, როგორც ვთქვი, რომ ამ კანონპროექტმა თავისი მიზანი შეასრულა ნაწილობრივ - როგორც კი განხილვა დავიწყეთ, ხალხმა დაინახა, ვის ეტკინა ეს კანონპროექტი, ვის აქვს რაღაცები დასამალი, ვის აქვს არასასურველი მიზნები და აქედან გამომდინარეობდა სწორედ ის მოთხოვნები, რომ არ დაგვეწყო განხილვა. როგორ შეიძლება, პარლამენტის წევრებს კანონპროექტის განხილვა აუკრძალო? ის შეიძლება, უთხრა, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი, მაგრამ მსჯელობის აკრძალვა როგორ შეიძლება, იყოს დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, ან გამჭვირვალობა - დემოკრატიის საწინააღმდეგო? ამაში ჩანდა უკვე ის, რომ ამ ხალხს რაღაც ჰქონდა დასამალი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთანავე, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ხელისუფლება აწყდება ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას.

„სამწუხაროდ, საქართველო არის ისეთ გეოგრაფიულ არეალში, რომ ყოველთვის არის ინტერესები ამ ქვეყნის მიმართ. პატარა ქვეყანა ვართ, დიდი ისტორიული გამოცდილება გვაქვს, მაგრამ  დიდ ქვეყნებს ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ ინტერესი ამ ქვეყანასთან დაკავშირებით. თქვენ იცით ჩვენი სამეზობლო, აღარ ჩამოვთვლი, და არა მხოლოდ სამეზობლო, დიდი ქვეყნები, არაერთი დიდი მძლავრი სახელმწიფო, რომელთა ინტერესებიც იკვეთება საქართველოსთან მიმართებაში.

ბუნებრივია, მარტივი არ არის იმ გადაწყვეტილებების მიღება, რაც ზოგადად უწევს ხელისუფლებას და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც და ახლაც, როდესაც გადმოვედით „ხალხის ძალაში“, ყოველთვის ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, შესაძლოა, ჩვენს სუბიექტურ რეპუტაციას ლახავს, მაგრამ სწორი საქართველოს გადასარჩენად და მის სასარგებლოდ. შეიძლება, ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენმა მხარდამჭერებმა აღიქვან ისე, თითქოს ეს არის არასწორი და უკან გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ მათ ვუთხარით და არაერთხელ ვეტყვით: მომავალში გამოჩნდება, რომ იყო სწორი გადაწყვეტილება იმ მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, რა რეალური რისკებიც მე თქვენ დაგისახელეთ, მაგრამ ამან მოიტანა სწორედ ის შედეგი, რომ დღეს უკვე ვეღარ გაბედავენ იმას, ყოველ შემთხვევაში, რისკები დაწეულია, რომ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით მოახდინონ გარკვეული ტიპის რევოლუციები. ამან დაგვანახა ის, თუ რა ხალხთან გვაქვს საქმე - არა ევროპულ ღირებულებასთან, რომელთანაც არა აქვს საერთო არც შტურმს, არც ქვების სროლას, არც მანქანების დაწვას, არამედ იმათთან ვინც ჩუმად ზის სახლში, ამბობს, რომ უნდა ღირსებით ევროპისკენ. არა ცალი ფეხითა და ცალი თვალით, არამედ ორივე ფეხით, ღირსებით ევროპისკენ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

big_banner
არქივი