logo_geo
რიმა ბერაძე ოპოზიციას: თქვენს მიერ უნიჭოდ დაგეგმილმა დესტაბილიზაციის მცდელობამ დააზარალა სახელმწიფო ინტერესები და საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია
- +

21 მარტი. 2023. 14:30

 

 

„გამჭვირვალობის შესახებ კანონის თემით სპეკულირებას არ წყვეტთ და მას საზოგადოების ორად გახლეჩვის საშუალებად იყენებთ. კანონად არ ქცეული პროექტი რუსულად გამოაცხადეთ და ახალგაზრდების დიდი ნაწილის თქვენი მიზნებისთვის გამოყენება სცადეთ. რეალურად, ამ კანონის მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობა და კონკრეტული სექტორის მხრიდან, ფინანსური გამჭვირვალობის ზრდა იყო, რაც არათუ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციას, არამედ აუცილებელიც კი არის მისი განვითარებისთვის.  თქვენს მიერ უნიჭოდ დაგეგმილმა დესტაბილიზაციის მცდელობამ  დააზარალა სახელმწიფო ინტერესები და საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია“, - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისივე თქმით, ოპოზიციამ ქმედების შედეგები თავიდანვე კარგად იცოდა, კერძოდ ის, რომ  ახალგაზრდები დიდი საფრთხის წინაშე იდგნენ.

 

„იცოდით, რომ არეულობით ქვეყანას მეორე პოლიგონად აქცევდით, მაგრამ ქვეყანაზე ფიქრი თქვენი პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა. თქვენ მუდამ სხვისი ინტერესის აგენტები იყავით ამ ქვეყანაში და ისტორიასაც ასეთებად დარჩებით. ჩვენ კი, ის ხელისუფლება ვართ, რომლებიც საკონსტიტუციო დონეზე ვაღიარებთ ქვეყნის ევროპულ კურსს. ხელისუფლება, რომელმაც 2012 წელს დემოკრატიული პროცესები დავაბრუნეთ საქართველოში, მაშინ როცა თქვენ ქვეყანაში ავტორიტარიზმი გქონდათ დამყარებული“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

 

მისივე თქმით, დღევანდელი  ხელისუფლება საქმით ამტკიცებს საით არის ქვეყნის საგარეო ვექტორი, ოპოზიციის  ერთადერთი მიზანი  კი ხელისუფლების დაბრუნებაა, თუნდაც ეს გზა ერის განადგურებაზე გადიოდეს.

 

„იმ აქციაზე კი, რომელიც თქვენ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ მონათლეთ, ბევრი ისეთი ახალგაზრდაც იდგა, რომელსაც სამშობლო თქვენზე მეტად უყვარს და გულწრფელად უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ეს ჩვენი შვილების თაობა და ჩვენი მომავალია. ამ ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ ქვეყნას მართავს ეროვნული ხელისუფლება, რომლისთვისაც უმთავრესი საკუთარი ხალხის ინტერესია, რომელიც არასოდეს დაუშვებს ომს ქვეყანაში, რომელიც იბრძოლებს მშვიდობისთვის, იმუშავებს ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

 

 

big_banner
არქივი