logo_geo
არჩილ თალაკვაძე: სამოქალაქო საზოგადოებას ყველაზე მეტად აზიანებს ის, რომ მათი სახელით ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებთან, ევროპულ ღირებულებებთან
- +

22 მარტი. 2023. 21:48

"სამოქალაქო საზოგადოებას ყველაზე მეტად აზიანებს ის, რომ მათი სახელით აბსოლუტურად სხვა ინტერესების მქონე ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებთან, ევროპულ ღირებულებებთან," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის მაგალითია ის ადამიანები, რომლები პირდაპირ იღებენ რუსეთის ხელისუფლებიდან ანაზღაურებას და საქართველოს ევროპულ მომავალზე მორალს საქართველოს ხელისუფლებას უკითხავენ.

დღეს კიდევ უფრო ნათელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს ყველაზე მეტად თუ რაიმე აზიანებს, არის ის, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკური დამნაშავეები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, სხვა ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს ევროპელებმაც კი დაადანაშაულეს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, თავს აფარებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, დამნაშავეები ხშირად თავს აფარებენ პოლიტიკასა და პოლიტიკურ პარტიებს.

სამოქალაქო საზოგადოებას ყველაზე მეტად აზიანებს ის, რომ მათი სახელით აბსოლუტურად სხვა ინტერესების მქონე ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებთან, ევროპულ ღირებულებებთან. ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია ის, რომ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იღებენ რუსეთის ხელისუფლებიდან ანაზღაურებას, მორალს გვიკითხავენ ევროპაზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე, დეესკალაციაზე თუ დეპოლარიზაციაზე რომლებიც გველაპარაკებიან, თვითონ არიან კონფლიქტის, დაძაბულობის პირველი გამღვივებლები.

ხედავთ მათ განცხადებებს, რიტორიკას. ეს არათუ ჩვენი დამოკიდებულებაა, ეს ადამიანები თვითონ სამოქალაქო საზოგადოებამაც გააგდო საპროტესტო აქციებიდან. მათ ხმა და მიკროფონი ზუსტად იმიტომ ჩამოართვეს, რომ დღეს მთელმა საზოგადოებამ იცის, რას ემსახურებიან ისინი და რა პოლიტიკას ატარებენ საქართველოში, თუ ამას საერთოდ პოლიტიკა ჰქვია. რამდენადაც საჯაროდ არის ცნობილი, ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია, მათ შორის ევროპული დაფინანსების მქონე, კონკრეტულ გრანტებს აძლევს „დროას“, რომელიც არის პარტია, მაგრამ ასევე ვითომ არასამთავრობო ორგანიზაცია. ანუ ორი რეგისტრაცია აქვთ და, როგორც ჩანს, ორი სხვადასხვა ორგანიზაცია აქვს ერთი სათაურით. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მოვლენებსა და პროცესებსაც თავისი სახელი უნდა დაერქვას. დღეს არ ჰქვია თავისი სახელი და რუსეთიდან დაფინანსების მიმღებები ევროპის სახელით გვესაუბრებიან. დეპოლარიზაციის სახელით გვესაუბრებიან ისინი, რომლებსაც ყველაზე მეტად აწყობთ კონფლიქტი, დესტაბილიზაცია და პოლიტიკის სახელით გველაპარაკებიან ისინი, რომლებმაც პარლამენტშიც კი ვერ გაბედეს ყოფნა და დებატებში მონაწილეობა. არ ვიცი, ჩვენმა საზოგადოებამ ბოლოს როდის ნახა ეს პოლიტიკოსები, პარლამენტშიც კი არ მოდიან. შესაბამისად, რა პოლიტიკურ პროცესზეა საუბარი.

ჩვენი მოქალაქეების ინტერესების სრულიად საწინააღმდეგოდ ისინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩადიოდნენ და უმტკიცებდნენ, არწმუნებდნენ პარტნიორებს, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც თვითონაც დარწმუნებული იყვნენ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, რომ ტრიოში საქართველო ყველაზე უკეთესია და ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, რაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად იყო საჭირო. სწორედ ამის შედეგია, რომ მათ დღეს არათუ პარლამენტში არ მოესვლებათ, ოპოზიციის აქციიდანაც კი აგდებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

big_banner
არქივი