logo_geo
ილია დარჩიაშვილი: ბატონ ბორელთან გვექნება საუბარი 12 პუნქტის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოზე, ვფიქრობ ძალიან დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრაა
- +

22 მარტი. 2023. 21:51

"ბრიუსელში ჩემი სამუშაო ვიზიტი ემსახურება იმას, რომ წელს უკვე პარტნიორებთან მიმდინარე სამუშაო განვაახლოთ, რაც გვაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ვმართავ ევროკომისრებთან, ვესაუბრები ევროპარლამენტარებს და დღეს დაგეგმილია ჩემი შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, "- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რა საკითხებს განიხილავენ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე.

„შეხვედრის მთავარი არსი და მთავარი მიზანი არის თანამშრომლობის დინამიკის განხილვა; განვსაზღვროთ ის ძირითადი პრიორიტეტები, თუ როგორ შეიძლება საქართველომ მიაღწიოს იმ პერიოდს, როდესაც ველოდებით ევროკომისიის შესაბამის რეკომენდაციას შესრულებულ პრიორიტეტებზე. ვფიქრობ ძალიან დროული, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან ბატონ ბორელთან გვექნება საუბარი 12 პუნქტის მიმართულებით უკვე შესრულებულ სამუშაოზე. უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა 2022 წელს. 80-ზე მეტ კანონში იქნა შეტანილი ცვლილებები, რათა საქართველომ შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი პრიორიტეტები. ვისაუბრებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, რაც საქართველომ მიიღო და მე დავარწმუნებ უმაღლეს წარმომადგენელს, რომ პარლამენტში პოლიტიკური კონსულტაციების ჭრილში იწყება დაუყოვნებლივ მუშაობა დარჩენილ პრიორიტეტებზე, რაზეც ველოდებოდით ვენეციის კომისიის შეფასებას. სულისკვეთებას, რომელსაც მე მას გადავცემ - საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი დიდი მონდომებით გააგრძელებს ამ პროცესის მონაწილე ყველა მხარის ჩართვას, რადგან ინკლუზიურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით, რომ ინკლუზიურობა ყოფილიყო დაცული და ამ პრინციპით გავაგრძელებთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება მოხდეს სამართლებრივ სივრცეში“, - განაცხადა მინისტრმა.

big_banner
არქივი