logo_geo
ილია დარჩიაშვილი: საქართველო NATO-ს სანდო და მყარი პარტნიორია, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობა, დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრული გვაქვს
- +

23 მარტი. 2023. 16:59

 

 

საქართველო ალიანსის ძალიან სანდო და მყარი პარტნიორია. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობა, ის დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრული გვაქვს, რათა საქართველო პროგრესულად განაგრძობდეს NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით მკვეთრ და შედეგზე ორიენტირებულ სვლას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.

 

NATO-საქართელოს კომისია ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რათა NATO-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში განვსაზღვროთ დღის წესრიგი, დავსახოთ ურთიერთობები და მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები. ჩვენ წელს NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში წარმოვადგინეთ წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც არის ჩვენი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. სწორედ NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, მიმემართა ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ სხდომაში.

 

საქართველო არის ალიანსის ძალიან სანდო და მყარი პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობა, ის დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრული გვაქვს, რათა საქართველო პროგრესულად განაგრძობდეს NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით ძალიან მკვეთრ და შედეგზე ორიენტირებულ სვლას. ეს არის სამუშაო პროცესი, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან. ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ NATO-ელი პარტნიორებისგან, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა, გვაქვს და გვექნება პარტნიორების მხრიდან“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, როგორ მიმდინარეობს საქართველოში ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის, 12 პრიორიტეტის შესრულება.

 

„12 პრიორიტეტი, 12 პუნქტი, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირის მხრიდან, არის საერთო ინტერესის საგანი არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ NATO-სთვისაც, რადგან გვჯერა, რომ თუ საქართველო წარმატებით აგრძელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლას, ეს ძალიან ძლიერი სიგნალია NATO-სთვისაც. ეს პროცესი მნიშვნელოვანია NATO-სთვისაც. სწორედ ამიტომ იყო დიდი ინტერესი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან იმ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის 12 პუნქტის შესრულებას, რაც უნდა გახდეს ჩვენი სავიზიტო ბარათი ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯის, რომელიც ასევე საშუალებას მოგვცემს, პროგრესულად გავაგრძელოთ ინტეგრაცია NATO-ში. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო საკითხზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი