logo_geo
დედოფლისწყაროს მერი: ანა დოლიძე გამიზნულად ცდილობს საზოგადოების თვალში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მხოლოდ ნეგატიურ ასპექტში წარმოადგინოს
- +

27 მარტი. 2023. 20:01

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც დოლიძე მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშავილის განცხადებით, დოლიძეს საზოგადოება შეცდომაში გამიზნულად შეჰყავს, რადგან მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ცდილობს მუნიციპალიტეტი ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

გვინდა გამოვეხმაუროთ პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ანა დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ის საუბრობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აღვნიშნავთ, რომ ქალბატონი ანა არ დაინტერესებულა მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და ახლო მომავალში დაგეგმილი მასშტაბური პროექტებით, რომლებიც ბევრ საჭიროებას საბოლოოდ გადაჭრის. სამწუხაროდ, ის შეეცადა, საზოგადოებისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მხოლოდ ნეგატიურ ასპექტში წარმოედგინა. ქალბატონმა ანამ ისაუბრა სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე. ამ ფაქტს არავინ უარყოფს, მაგრამ მას რომ ეკითხა, აუცილებლად შეიტყობდა, რომ უახლოეს პერიოდში ხელისუფლება გეგმავს აღნიშნული სკოლის სრულ რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, მას ალბათ ,,გამორჩა’’ და არ უნახავს არბოშიკის მოსაზღვრე სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ახალი, ევროპული სტანდარტების შენობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ააშენა. მან ალბათ ვერც მილენიუმის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული სოფელ გამარჯვებისა და სოფელ ზემო ქედის N 2 საჯარო სკოლები შენიშნა, რომლებიც ცენტრალურ გზაზე მდებარეობს. სამწუხაროა, რომ მას ასევე ,,გამორჩა’’ მასშტაბური მშენებლობა სოფელ ოზაანში, სადაც მოსახლეობას 1991 წლიდან ჰპირდებოდნენ ახალი სკოლის აშენებას, მაგრამ დაპირება რეალობად მხოლოდ ჩვენ ვაქციეთ. როდესაც ის საზღვრისპირა სოფლებში იმყოფებოდა, მხედველობიდან ,,გამორჩა“ ასევე მასშტაბური პროექტი, რომელიც სამთაწყაროს სკოლის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს და დასრულების ეტაპზეა. ანა დოლიძემ ,,ვერც“ ქალაქის ცენტრში არსებული მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სკოლის შენობის დემონტაჟი შენიშნა, რომლის დასრულებისთანავე აღნიშნულ ადგილას ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. მას რომ ეკითხა, აუცილებლად მიიღებდა ინფორმაციას, რომ ახლო მომავალში ასევე იგეგმება ზემო ქედის N 1 საჯარო სკოლის აშენება. გავრცელებულ ვიდეოში ანა დოლიძე საუბრობს ,,საუკუნის წინ გაკეთებულ“ გზებზე, რაც არის სიცრუე, რადგან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელიც ფართობით საკმაოდ მოცულობითია და ტერიტორიის სიდიდით აჭარას უტოლდება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო მხოლოდ 2013 წელს. ამ დროის განმავლობაში თითქმის სრულიად მოწესრიგდა დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის სოფლების დამაკავშირებელი გზები, დარჩენილია მხოლოდ არბოშიკი-ზემო მაჩხაანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომლის რეაბილიტაციაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. რაც შეეხება ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზებს, მათი მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ანა დოლიძე ასევე საუბრობს მუნიციპალიტეტში ,,არარსებულ ეკონომიკაზე“, თუმცა რომ ეკითხა, აუცილებლად გაიგებდა, რომ სარწყავი სისტემა, რომელიც სრულად განადგურდა წინა ხელისუფლებების დროს, აღდგა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლებების პირობებში, შესაბამისად გაიზარდა მოსავლიანობაც. გასულ წელს მხოლოდ ფიროსმანელმა მევენახეებმა 2 100 ტონა ყურძენი ჩააბარეს და 2 700 000 ლარზე მეტი მიიღეს. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში ეს ციფრი მხოლოდ 80 ტონას შეადგენდა. საუბარია სოფელზე, სადაც 157 ოჯახი ცხოვრობს. ასევე ის ახსენებს შირაქის ველს, სადაც მისი სიტყვებით, არავითარი აქტივობა არ მიმდინარეობს. სამწუხაროდ , მან არ აღნიშნა, რომ არცერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ არის და დედოფლისწყაროელ ფერმერებს მხოლოდ შირაქის ტერიტორიაზე მინიმუმ 40 000 ჰექტარზე მოჰყავთ ხორბლისა და ქერის მოსავალი. შარშან მარცვლეული კულტურით მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 100 000 000 ლარი შეადგინა. მას არც კაკლის, ნუშისა და ზეთისხილის ბაღები აღუნიშნავს, რომელიც დედოფლისწყაროელებისთვის წარმატებულ საქმიანობად იქცა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობა, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენს გაკეთებულ საქმეებს კარგად ხედავს და გვერდში გვიდგას, ამიტომაც არ ვაპირებთ ანა დოლიძის ბრალდებებისთვის პასუხის დეტალურად გაცემას, თუმცა შევეხებით კიდევ ერთ საკითხს. ანა დოლიძე შეეხო მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებას, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს პრობლემას. ის რომ დაინტერესებულიყო, მარტივად შეიტყობდა, რომ ქ. დედოფლისწყაროს 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის დალის მთის წყალსაცავიდან 38 კილომეტრიანი მაგისტრალი უკვე მოეწყო. პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე , 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და მოსახლეობა 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - აცხადებს დედოფლისწყაროს მერი.

big_banner
არქივი