logo_geo
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ჟინვალში გასვლითი შეხვედრა გამართა
- +

27 მარტი. 2023. 22:45

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჟინვალის წყალსაცავთან გასვლითი შეხვედრა გამართეს, სადაც წყლის რესურსების მართვის საკითხებზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერილი კერძო-საჯარო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში გაიმართა დიალოგი წყლის რესურსების მართვის კანონპროექტის შესახებ, რომლის მიღება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებაა. შეხვედრაზე ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა წყლის რესურსების მართვის კანონპროექტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები წარმოადგინეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, GWP-ის ხელმძღვანელობა, ბიზნესის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს და კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სრულიად ცვლის წყლის რესურსების მართვის პრინციპებს და აყალიბებს წყლის რესურსების მართვის ერთიან, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებულ, წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი ევროდირექტივების შესაბამის თანამედროვე სისტემას.

ღონისძიების ფარგლებში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და GWP-მ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტს, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ.

 

 

big_banner
არქივი