logo_geo
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
- +

29 მარტი. 2023. 20:06

 

12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივები იყო განხილვის მთავარი თემა ფრაქცია - „ქართული ოცნების“ წევრებსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებას და გარკვეული რეკომენდაციების შემუშავებას ისახავდა მიზნად. მისივე თქმით, ევროპელმა კოლეგებმა მოისმინეს ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესსა და მიმდინარე პროცესთან დაკავშირებითაც. „ეს არის გეგმიური, შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე გარკვეული რეკომენდაციების შემუშავებას. ჩვენ ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, რომელიც არის ჩვენთვის უმთავრესი საკითხი. მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა საკანონმდებლო ინიციატივები გვქონდა, რა საკითხებთან დაკავშირებით არის უკვე მიღებული გადაწყვეტილებები და ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ გავითვალისწინოთ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სხვადასხვა კანონებთან მიმართებაში. მათ შორის, სასამართლო რეფორმასთან და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ირაკლი ჩიქოვანთან ერთად შეხვედრას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდა.

big_banner
არქივი