logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ანტიკორუფციული ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას
- +

31 მარტი. 2023. 11:38

 

 

„ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იყო.

 

„დიდი პატივია დღეს ჩემთვის თქვენ წინაშე გამოსვლა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ მოვისმენთ ბატონი რაჟდენისგან მის ხედვას, პრეზენტაციას, თუ როგორი სამსახური უნდა შეიქმნას.

 

მანამდე, მინდა ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მეგობრებს, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ასეთივე ისტორიული გადაწყვეტილება იყო შარშან, 17 ივნისის  გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. ეს არის  ხმამაღალი აღიარება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფებისა და ამავე დროს, - ახალი ისტორიული ეპოქის დასაწყისი.

 

ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შარშან გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო მყისიერად. პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი სამუშაო, შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ შესასრულებელი ყველა ვალდებულება იყოს შესრულებული პირნათლად.

 

ამ 12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია გულისხმობს ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო.

 

მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც. იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს  მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას.

 

ბიუროს უფროსის კანდიდატები შეირჩა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები.

 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ძლიერი კოორდინაციით ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრა. ბიუროს გააჩნია ანტიკორუფიცული პოლიტიკის დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობისა და სათანადო რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება. ბიუროს მიერ გაცემული რეკომენდაციები იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი მექანიზმი“, -  განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ხელისუფლების მიღწევებზე ბოლო 10 წლის განმავლობაში.

 

„რაც შეეხება იმ მიღწევებს, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ბოლო 10 წლის განმავლობაში ანტიკორუფციული მუშაობის მიმართულებით და ამ პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით, - სულ რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ:

 

კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის კვლევით, საქართველო 180 ქვეყნიდან 41-ე ადგილს იკავებს. კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოვიყვანო - Trace „Bribery Risk Matrix 2022“-ის  თანახმად, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, ხოლო გლობალურ რეიტინგში 194 ქვეყნიდან 33-ე ადგილზეა. აქვე შეგახსენებთ, რომ  გლობალური სამართლიანობის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, ისევე როგორც ღია ბიუჯეტის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე 120 ქვეყანას შორის. „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, ძვირფასო მეგობრებო, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის კიდევ 5 ადგილით დაწინაურდა და ევროპაში 21-ე, ხოლო კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში  მე-18 ადგილზე ვართ.

 

ამ მონაცემებს თუ 2012 წლამდე პერიოდს შევადარებთ, პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, - იმ დროისათვის საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზე იყო, ბუნებრივია, ძალიან შორს ევროპის საუკეთესო ოცეულისგან.

 

დღეს კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 ქვეყანას. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებია ჩვენზე წინ, ჯერჯერობით. ეს პროგრესი, რა თქმა უნდა, თანამიმდევრულია. კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველომ შეფასების ქულა გაიუმჯობესა და ჩვენ ეს მიღწევები გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც კორუფცია ძლიერი, განვითარებული ქვეყნებისთვისაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, ჩვენ გვჭირდება კოორდინირებული, თანამიმდევრული მუშაობა, ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც კორუფცია ვერ იქნება ხელშემშლელი ფაქტორი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის. ამიერიდან, ამ მიმართულებით მუშაობის პასუხისმგებლობის უდიდესი წილი დაეკისრა ანტიკორუფციულ ბიუროს. მჯერა, რომ ბიუროს ახალი უფროსი და მისი ყველა თანამშრომელი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ჩვენმა ქვეყანამ ამ მიმართულებით.  კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

 

big_banner
არქივი