logo_geo
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს: თქვენ არ ხართ ობიექტური, „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა, ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი
- +

31 მარტი. 2023. 15:56

 

 

„ჩვენ რომ სანქციებს მივერთებოდით, ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეების დევნა დაგვეწყო, როგორც დევნიდნენ მათ თბილისის ქუჩებში, ჩვენ რომ გვეძახა აი ამ „წვას“ გვირჩევნია ბომბების ცვენაო, ჩვენ რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების, მაღალჩინოსნების მოწოდებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა? რისკების დაზღვევა როგორ მოხდებოდა?“ - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიში მოისმინეს.

 

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიზნები ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიზნებს.

 

„კანდიდატის სტატუსის არმონიჭება გახლავთ რადიკალური ოპოზიციის მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერ გზით. ხომ არ ემთხვევა თქვენი პოზიცია ირიბად თუ პირდაპირ ამ მიზნებს? ევროკავშირმა თავად აღიარა, რომ საქართველო, მაშინ როდესაც მას არ მიენიჭა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი, იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა. ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა და თქვენ ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ. თქვენ შესრულებულ რეკომენდაციებს დაარქვით ფორმალურად შესრულებული. დღეს ამბობთ, რომ კიდევ არ იმსახურებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლით პოლარიზაციის ახალი ტალღის წარმოშობას შეუწყო ხელი.

 

„თქვენ არ ხართ ობიექტური, „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა. ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი, მაგრამ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პირველი, ჩვენი ქვეყანა ფიზიკურად გადარჩეს და მეორე, ღირსებით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით, ეროვნული თავმოყვარეობის შენარჩუნებით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი