logo_geo
ირლანდიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა
- +

31 მარტი. 2023. 18:16

 

 

საპარლამენტო დელეგაციამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ირლანდიის რესპუბლიკაში  მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს საგარეო პრიორიტეტებს მიეძღვნა.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა წამყვანი ირლანდიური კვლევითი ცენტრის  მკვლევარებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, შიდა პოლიტიკური  პროცესების, რეფორმების დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე სამეზობლოში და მისი შეკავების მექანიზმებზე.

 

„ირლანდიის წამყვან კვლევით ცენტრში განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა როგორც ევროპის, ასევე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზე. ირლანდიელ მკვლევარებს ვუთხარით, რომ უკრაინაში მიმდინარე აგრესია არის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მან საქართველოში ადრეულ 90-იან წლებში დაიწყო და გააგრძელა 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით. სამწუხაროდ, დღემდე, რუსეთი სხვადასხვა საშუალებით ახორციელებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შეკავებაც ჩვენი დასავლელი მეგობრების გარეშე შეუძლებელი იქნება. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება არის გზა, რომელიც შეამცირებს საქართველოს მიმართ საფრთხეებს და ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებასა და მშვიდობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვისაც“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ირლანდიის რესპუბლიკაში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

 

 

big_banner
არქივი