logo_geo
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენისთვის განიხილა
- +

15 მაისი. 2023. 20:29

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პირველი მოსმენის შემდეგ, ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, მთელი რიგი რეგულაციები ახლებურად გაიწერა. კერძოდ, თავდაცვის იარაღად ჩაითვლება ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სანტიმეტრზე ნაკლებია,  ხოლო ყველა სხვა იარაღი, რომლის სიგრძე აღემატება 55 სანტიმეტრს ჩაითვლება სანადირო იარაღად.

მეორე საკითხი ეხება იარაღის პერიოდული რეგისტრაციის საკითხს.  ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით,  პოლიციას ექნება უფლებამოსილება  ადგილზე მივიდეს და შეამოწმოს რამდენად იცავს იარაღის მფლობელი იმ წესებს, რაც დადგენილია იარაღის შენახვისთვის და თუკი სახლში არ მოხდება პოლიციელის დაშვება, ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი ვალდებული იქნება თავად წარადგინოს 7 დღის ვადაში პოლიციაში მის საკუთრებაში არსებული იარაღები. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,

იმისათვის რომ ეს უფლება პოლიციელების მხრიდან ბოროტად არ იქნას გამოყენებული, მათ წლის განმავლობაში მხოლოდ 4-ჯერ შეეძლებათ  ადგილზე მისვლა და შემოწმება.

კანონპროექტის ინიცირებულ ვერსიაში, ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღს 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაევლო განმეორებითი დათვალიერება და ხელახალი რეგისტრაცია,  ხოლო გლუვლულიანი იარაღის შემთხვევაში ეს ვადა  10 წელი იყო.

ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ ე.წ. კაჟიანი და კაფსულიანი  თოფები საერთოდ არ დაექვემდებარება რეგისტრაციას, თუმცა მისი ტარება არ იქნება შესაძლებელი, გადატანის შემთხვევაში კი, აუცილებელი იქნება  სპეციალური ნებართვა.

 

 

big_banner
არქივი