logo_geo
ირაკლი მეძმარიაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
- +

16 მაისი. 2023. 20:12

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკურას შეხვდა.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიაში გასამართ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხი განიხილეს და ამ კუთხით სუმოსა და კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატებზე გამახვილეს ყურადღება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სპორტული გაცვლითი ერთობლივი პროგრამების ორგანიზების საკითხებს. იაპონელი დიპლომატის მხრიდან აღინიშნა, რომ სექტემბერში იაპონელი მორაგბე ქალები საქართველოს ეწვევიან და ერთობლივ სწავლებას ჩაატარებენ.

კომიტეტის თავმჯდომარის და ელჩის შეხვედრისას მხარეები საქართველოში სუმოს განვითარების საკითხსაც შეეხნენ. აღინიშნა, რომ იაპონიის მხარე მზადაა ხელი შეუწყოს ქართველ მოზარდებს სუმოს შესწავლაში და იაპონიაში, სუმოს სპეციალიზებულ სკოლებში, მოსამზადებელი კურსი გაატარონ. ირაკლი მეძმარიაშვილი ქართველი სპორტსმენებისთვის სუმოს შესწავლის ინიციატივას მიესალმა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხს საქართველოში სუმოს ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად განიხილავს.

 

 

big_banner
არქივი